გამყრელიძე: დარწმუნებული ვარ, შემოდგომაზე გაჩნდება უშუალოდ ვირუსზე მოქმედი პრეპარატი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე გაჩნდება COVID-19-ის ეტიოტროპული პრეპარატი, ანუ ისეთი წამალი, რომელიც დაავადების გამომწვევ ვირუსზე იმოქმედებს.

გამყრელიძე ფორმულასთან ამბობს, რომ შესაძლოა, რემდისივირი მართლაც შედეგიანი იყოს კორონავირუსის მკურნალობისას, თუმცა არ ფიქრობს, რომ სწორედ რემდისივირი შეიძლება გამოდგეს ეტიოტროპული პრეპარატი:

"რემდისივირი, მოგეხსენებათ, არის გაკეთებეული ძალიან ცნობილი კომპანიის, Gilead-ის მიერ. Gilead-ის არის ჰეპატატიტის წამალი და ჰეპატატიტში Gilead-მა გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი, იმიტომ, რომ მან შექმნა სწორედ ეტიოტროპული წამალი, რომ სწორედ კლავს C ჰეპატიტის გამომწვევ ვირუსს...ესეთი ამ ეტაპზე არა მგონია, რომ რემდისივირი გახდეს, თუმცა წინ არის კიდევ კვლევები."

ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ პრეპარატი, რომელიც რემდისივირიზე "მეტი აქტივობით" იმოქმედებს ახალ კორონავირუსზე, ვაქცინასაც დაასწრებს:

"მე რაც ვიცი, დაახლოებით 15-მდე პრეპარატი და ახალი მოლეკულაა კვლევაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე გაჩნდება ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც მეტი აქტივობით იმოქმედებს ამ ვირუსზე.

შეიძლება, პრეპარატმა დაასწროს ვაქცინას, მე ასე მგონია. თუმცა ამ დაავადებისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება ვაქცინა და უნდა გაკეთდეს."

გამყრელიძის თქმით, პოპულაციური, იგივე ჯოგური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ორი გზაა - დაავადება ან მოსახლეობის 60%-მა უნდა მოიხადოს, ან მასობრივი აცრა ჩატარდეს.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ის იმაშიც დარწმუნებულია, რომ შემოდგომისთვის ვაქცინაც იქნება მზად, თუმცა რთული სათქმელია, რამდენ ხანს გასტანს მისი უსაფრთხოების კვლევა.

"დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე ვაქცინა იქნება, თუმცა რამდენ ხანს დაიჭერს მისი უსაფრთხოების კვლევა, ჯერ არ ვიცი."

კომენტარები