მსოფლიოში კორონავირუსისგან 1 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

1-ლი მაისის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 1 042 991 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ახალი ვირუსი 3 308 678 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 234 123 პაციენტი გარდაიცვალა.

2 031 564 პირი ამჟამად მკურნალობას განაგრძობს - 1 980 627 პაციენტს ვირუსის არამწვავე სიმპტომები აქვს, ხოლო 50 937 პირის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

კორონავირუსი ყველაზე მეტ, 1 095 210 ადამიანს, აშშ-ში დაუდასტურდა. ამავდროულად, აშშ-ში სხვა ქვეყნებთან შედარებით ვირუსის გამოსავლენი ყველაზე მეტი ტესტი ჩატარდა - 6 391 887. აშშ-ის შემდეგ ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთში, იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთში, რუსეთში დადასტურდა.

არსებული მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანი (155 737) ასევე აშშ-ში გამოჯანმრთელდა, 137 984 პირი - ესპანეთში (239 639 დადასტურებული შემთხვევიდან), 123 500 - გერმანიაში (163 009 დადასტურებული შემთხვევიდან). 

აშშ-ში, სხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, ახალ ვირუსს ყველაზე მეტი, 63 861 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება საქართველოს, 1-ლი მაისის ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 566 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 184 და გარდაიცვალა 6 ადამიანი. 29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე 14 718 ადამიანი დატესტეს. 

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი, ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. თუმცა, არსებობს მოსაზრებები ვირუსის ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ალბათობაზე. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე, მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

აშშ ჩინეთს სტატისტიკის გაყალბებასა და კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო ჩინეთის პასუხისმგებლობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს - "მე ბევრის გაკეთება შემიძლია. ჩვენ ვნახულობთ, თუ რა მოხდა".

კომენტარები