კორონავირუსი

ჩეხეთში 11 მაისიდან კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 100 პირამდე შეკრებას დაუშვებენ

ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება და 11 მაისიდან ჩეხეთის რესპუბლიკაში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, მაქსიმუმ 100 ადამიანის მონაწილეობით, კვლავ დაუშვებენ.

მაქსიმუმ 100 ადამიანის შეკრება შესაძლებელი იქნება თეატრებში, კინოთეატრებში, ტაძრებში. ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, როგორიცაა მუსიკის ფესტივალები, სადაც თავს იყრის ათასობით ადამიანი, კვლავ აკრძალულია.

ჩეხეთში გასული რვა დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსის დღიური შემთხვევები 100-ზე ნაკლებია. ვირუსის გავრცელების პიკმა ქვეყანაში 4 აპრილს მიაღწია, როცა ერთ დღეში 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მას შემდეგ გავრცელების ტემპი თანდათან იკლებს.

27 აპრილს 2 500 კვადრატული მეტრის ფართობის მაღაზიები გაიხსნა. 11 მაისიდან, მუშაობას სავაჭრო ცენტრები, დიდი მაღაზიები, ღია რესტორნები, ღია ლუდის ბარები, სალონები და მუზეუმები გააგრძელებენ, ხოლო 25 მაისიდან - სასტუმროები, დახურული რესტორნები და ბარები. 

23 აპრილიდან ჩეხეთში უკვე მოიხსნა შეზღუდვა არააუცილებელ გადაადგილებასა და საზღვარგარეთ მოგზაურობაზე.

ვინც საზღვარგარეთ გაემგზავრება, დაბრუნებისას კორონავირუსზე ნეგატიური შედეგი უნდა აჩვენოს ან ორი კვირა კარანტინში გაატაროს. ამ ეტაპზე ქვეყნის დატოვება მხოლოდ ოჯახის წევრებისა და ექიმის მოსანახულებლად არის დაშვებული.

პირბადის ტარება ქვეყანაში კვლავ სავალდებულოა.

ამ დროისათვის ჩეხეთში ახალი კორონავირუსის 7 689 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 237 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 314 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები