კორონავირუსი

ტრამპი: ჩინეთმა ან ვერ შეაჩერა ვირუსი ან მისი გავრცელება დაუშვა

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ შესაძლებელია, ჩინეთმა ან ვერ შეაჩერა კორონავირუსის გავრცელება ან მისი გავრცელება დაუშვა.

"რატომ უშვებდა ჩინეთი თვითმფრინავების გამოფრენას [საზღვარგარეთ], მაგრამ არა ჩინეთში? თუმცა ისინი უფლებას აძლევდნენ თვითმფრინავებს გამოფრენილიყვნენ, თვითმფრინავები მოფრინავდნენ ვუხანიდან მთელ მსოფლიოში... ისინი მთელ მსოფლიოში დაფრინავდნენ, მაგრამ არა ჩინეთში. რის გამო იყო ეს ყველაფერი?" - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ვირუსის გავრცელებაზე განაცხადა, რომ ჩინეთი თითქოს ცდილობს აშშ-სთან გარკვეულწილად გამჭვირვალე იყოს. მისი განცხადებით, აშშ-ში არც ისე შორეულ მომავალში ამას გაიგებენ.

"თუმცა, ეს საშინელი რამაა, რაც მოხდა - შეცდომა დაუშვეს თუ არა ან შეცდომით დაიწყო თუ არა და შემდეგ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს. ან იქნებ ვიღაცამ რაღაც გამიზნულად გააკეთა?"

პრესკონფერენციაზე ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, ამ ეტაპზე ჰქონდა თუ არა ნანახი რაიმე მტკიცებულება, რაც მას აძლევდა საფუძველს, ეთქვა, რომ ვირუსის წყარო ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი იყო, რაზეც განაცხადა - "კი, ნანახი მაქვს".

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპს არ უპასუხია კითხვაზე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს კორონავირუსზე დეზინფორმაციისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს თუ არა.

ტრამპმა 29 აპრილს ინტერვიუში თქვა, რომ კორონავირუსის გამო ჩინეთის პასუხისმგებლობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს - "მე ბევრის გაკეთება შემიძლია. ჩვენ ვნახულობთ, თუ რა მოხდა".

ის კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთს ადანაშაულებს. ახალმა კორონავირუსმა აშშ-ში 60 000 ადამიანის სიკვდილი და ეკონომიკის დაზარალება გამოიწვია. 

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ანონიმურად განაცხადა, რომ არაფორმალური "ზავი", რაზეც ტრამპი და სი ძინპინი მარტში სატალეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, ახლა დასრულებულია. 

მაშინ, ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ მათი მთავრობები ვირუსის შესაკავებლად თანამშრომლობისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ.

ბოლო თვეებია, აშშ ჩინეთს სტატისტიკის გაყალბებასა და კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. აშშ ჩინეთის მხარეს მოუწოდებს, რომ მისი მეცნიერები ვუხანის ლაბორატორიაში შეუშვან, რათა ვირუსის წარმოშობა უკეთ გამოიკვლიონ.

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. ასევე, არსებობს მოსაზრებები ვირუსის სავარაუდოდ ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვაზე. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

კომენტარები