პროსახელისუფლებო პროპაგანდა

ბენიძე: FACEBOOK-ზე აღარ იძებნება კოკა ყანდიშვილი და მისი ეSპერსონა

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნები" დირექტორის, მიხეილ ბენიძის, ცნობით, Facebook-ზე აღარ იძებნება ქართული ოცნების PR-სამსახურის ხელმძღვანელი, კოკა ყანდიაშვილი, მისი სააგენტო "ეSპერსონა" და მასთან დაკავშირებული ჯგუფები. 

ამასთან აღარ არის, ეSპერსონაში მომუშავე პირების, ნათია ბერიძისა და გიორგი ხეთაგურის, ანგარიშებიც, რომლებიც ამ ჯგუფს მართავდნენ. 

"ასევე, აღარსად ჩანს "ორი გვამი უნდათ", "იყავი და გაგეკეთებინა"; " პოლიტიკური სანაგვე"; "ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო"; "ბრძენი ქოცი" და სხვა გვერდები და ჯგუფები. ანუ, როგორც ანტიოპოზიციური, ისე ანტისახელისუფლებო გვერდები, რომლებიც ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობდნენ და მაშინ ჩვენს ანგარიშებში მოხვდნენ", - წერს მიხეილ ბენიძე. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, სავარაუდოდ, სახეზე გვაქვს Facebook-ის მიერ მასშტაბური ოპერაცია დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის მიზნით მოქმედი ქსელების პლატფორმიდან წასაშლელად.

"თუმცა, დეკემბერში მსგავსი ოპერაციის შემდეგ, რიგმა ასეთმა გვერდმა და ჯგუფმა თვითდეაქტივაციას მიმართა. ამდენად არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი Facebook-ის ნაცვლად თავისი ინიციატივით მიმალულიყვნენ არაავთენტური ქმედებების კვალის წასაშლელად", - წერს მიშა ბენიძე. 

2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

Facebook-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულები. 

კომენტარები