დარიალის ჰიდროელექტროსადგური

იაპონურმა კომპანია TEPCO-მ დარიალი ჰესის 31.4%-იანი წილი იყიდა

იაპონურმა კომპანია TEPCO-მ დარიალი ჰესის 31.4%-იანი წილი იყიდა.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ ეს საქართველოში იაპონიის მხრიდან განხორციელებული უმსხვილესი პირდაპირი ინვეტიციაა.

TEPCO-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ 108 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური EBRD-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტია. სადგური ფლობს ელექტროენერგიის სისტემის კომერციულ ოპერატორთან, ესკოსთან გაფორმებულ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლის ხანგრძლივობაც 15 წლით არის განსაზღვრული. რელიზის მიხედვით, დარიალის ჰესი 510 მილიონი კილოვატი საათის წლიური გამომუშავებით, საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების 4%-ს აგენერირებს.

"გლობალური ეკონომიკის რეცესიაში შესვლის მიუხედავად, როცა ბიზნესაქტივობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანია TEPCO-მ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა. ეს არის საქართველოში იაპონიის მხრიდან განხორციელებული უმსხვილესი პირდაპირი ინვესტიცია. ენერგეტიკა იყო და არის პრიორიტეტი და ტოპ-მიმზიდველი სექტორი ინვესტორებისთვის", - თქვა მან ეკონომიკის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

იაპონური კორპორაციის ოფიციალური რელიზის თანახმად, TEPCO- მ საქართველოში ინვესტირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი და სანდო დარგობრივი პოლიტიკის სიმტკიცეში დარწმუნდა. საქართველო, ვიეტნამის შემდეგ, მეორე ლოკაციაა, სადაც TEPCO ენერგეტიკის სექტორში ინვესტორის სტატუსით შემოვიდა.

TEPCO- ს მფლობელობაში არსებული ენერგო სადგურების ჯამური წლიური გამომუშავება შეადგენს 220 მილიარდ კვტ.სთ-ს, რაც 17-ჯერ აღემატება საქართველოში წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. კორპორაციას ფილიალები აქვს ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ლონდონში. მისი საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკულ კვლევებთან და ინოვაციებთან, მათ შორის მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება-განვითარებასთან.

კომენტარები