ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე მე-7 გარდაცვლილზე: საკმაოდ დიდი ჩამონათვალი ჰქონდა თანმხლები დაავადებების

იმედი

"კოვიდ ინფექცია ჰქონდა დადასტურებული, მაგრამ, ამავე დროს, იყო საკმაოდ დიდი ჩამონათვალი თანხმლები დაავადებების", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

გამყრელიძის თქმით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი მე-7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ექიმების მხრიდან გატარებულმა ზომებმა შედეგი ვერ გამოიღო.

"რადგან როგორც გითხარით, ძალიან ბევრი თანმხლები პათოლოგია იყო. ასაკი 80 წელს ზემოთ და ასევე, თანმხლები გულსისხლძარღვთა სისტემის მრავალი პათოლოგია იყო; ჰიპერტონული დაავადება, გულის უკმარისობა, სარქველოვანი უკმარისო და ა.შ. მაღალი რისკის პაციენტი გახლდათ", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ცნობით, დილის მონაცემებით, ქვეყანაში 6 პაციენტი რჩება ხელოვნურ ვენტილაციაზე.

საქართველოში კორონავირუსით მე-7 პაციენტი დღეს, 1 მაისს გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.

კომენტარები