ლგბტქ ადამიანები

კილაძე ტრანსგენდერ ადამიანებს: თუ დახმარება დაგჭირდებათ, მომმართეთ მე ან კომიტეტს

საქართველოს პარლამენტი

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, ტრანსგენდერი ქალის მიერ თავის დაწვის მცდელობას გამოეხმაურა და ტრანსგენდერ ადამიანებს მიმართა, გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ მას ან კომიტეტს.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა გუშინ - ტრანსგენდერმა ქალმა სცადა თავის დაწვა თბილისის მერიასთან. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პანდემიის პირობებში, მოწყვლადი ჯგუფები სახელმწიფოს მხრდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ.

მინდა მივმართო ტრანსგენდერებს: დახმარებისთვის მიმართეთ თვითმმართველობებს, რომლებიც ახლა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველა შესულ განცხადებაზე უსწრაფესად რეაგირებენ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საჭიროებთ გადაუდებელ დახმარებას და ვერ მიიღებთ მას, აუცილებლად მომართეთ კომიტეტს, ან მომმართეთ მე პირადად სოციალურ ქსელში", - დაწერა კილაძემ ფეისბუქზე.

30 აპრილს ტრანსგენდერმა ქალმა თბილისის მერიის შენობასთან თავის დაწვა სცადა. სამართალდამცველებმა მისი გადარჩენა და საავადმყოფოში გადაყვანა შეძლეს.

ტრანსგენდერი ქალები ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში სახელმწიფო მათზე არ ზრუნავს, არ აქვთ შემოსავალი, ვერ ახერხებენ ბინის ქირის გადახდას და პროტესტის უკიდურეს ფორმასაც სწორედ ამიტომ მიმართეს.

ორგანზიაციამ "თანასწორობის მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდა, ანტიკრიზისული გეგმის ნაწილში ლგბტქ ადამიანების საჭიროებებიც გაითვალისწინოს.

"დაწესებულმა შეზღუდვებმა ტრანსგენდერ ადამიანებს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დასაქმებულთა მსგავსად, მათაც შეეზღუდათ საქმიანობის შესაძლებლობა, არამედ ისინი ყველაზე მეტად არიან მოკლებული სოციალურ მხარდაჭერას, რაც ოჯახის, ნათესავების თანადგომაში გამოიხატება", - აცხადებს ორგანიზაცია.

კომენტარები