კორონავირუსი საქართველოში

ლალი ტურძელაძე ადასტურებს, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი COVID-19-ით დაინფიცირდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ კლინიკის ექიმი, მეან-გინეკოლოგი, კორონავირუსით დაინფიცირდა. 

"ჩვენ არ გვაქვს წესად, რომ დავასახელოთ პაციენტების პროფესია. ეს, ალბათ, საჭირო არ არის. რადგან თვითონ ისურვა, რომ გამოეთქვა თავის თავზე აზრი და ეთქვა, რომ ის ინფიცირებულია, კი, ბატონო, ჩვენი ყველას ინდივიდუალური ნებაა. მე არ შემიძლია ამის უარყოფა, არის, მოთავსებულია, ვმკურნალობთ, სტაბილურია მისი მდგომარეობა. მკურნალობს ქალბატონი. ალბათ, მათი პროფესიების დასახელება, დამერწმუნეთ, საჭირო არ არის", - ამბობს ტურძელაძე.  

ტურძელაძე უარყოფს, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შიდა გადაცემის შემთხვევა გამოვლინდა. მისივე თქმით, ექიმები 14-დღიანი მორიგეობის შემდეგ იცვლებიან და მათ, შინ წასვლამდე და კლინიკაში დაბრუნებისას, კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. 

"ნამდვილად არ გვყავს ინფიცირებულები, ეს თითო-ოროლა შემთხვევაა. მთელი ქვეყნიდან გვყავს მედიკოსები - ზოგი ექთანია, ზოგი ექიმი, ზოგი სანიტარი. ამას, რა თქმა უნდა, არ ვასახელებთ", - ამბობს ტურძელაძე.

ექიმის სატელეფონო კომენტარი "მთავარმა არხმა" გაავრცელა. ქალი ამბობს, რომ კორონავირუსით მისი შვილიც არის დაინფიცირებული, ასევე, ჰოსპიტალიზირებულია მისი თანამშრომელი და თანამშრომლის მეუღლეც.

"ჩემი პირველი ტესტირება იყო უარყოფითი ლუგარის მონაცემით. შემდეგ მაინც გაგრძელდა ტემპერატურული რეაქცია, პატარა ტემპერატურაზე ვიყავი ცუდად. დასნებოვნდა ჩემი შვილიც. ვიცი, რომ ჩემი მდგომარეობის შემდეგ მთელ ჩემს განყოფილებას ჩაუტარდა ტესტირება, ვის რა აქვს, არ ვიცი. ერთი თანამშრომელი დღეს დააწვინეს თავის მეუღლესთან ერთად. ჩემი განყოფილების თანამშრომელია.", - ამბობს ქალი მთავართან ინტერვიუში.  

დღეს, 1 მაისს, ექიმის დაინფიცირებაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხევევაა დადასტურებული, მათგან 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 7 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები