ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

სონღულაშვილი: ვინც უსახლკაროდ დარჩით, ტრანსგენდერი თუ სხვა, მოდით ჩვენთან ეკლესიაში

მალხაზ სონღულაშვილი
ტაბულა

"მე მივმართავ ქალაქის ხელისუფლებას, სირცხვილია, რომ ჩვენს ქალაქში ადამიანი მზად არის, თავი დაიწვას, იმის გამო, რომ არავის აინტერესებს მისი ბედი", - საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი თბილისის მერიასთან მომხდარ შემთხვევას ეხმაურება, როცა ტრანსგენდერმა ქალმა პროსტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. 

მიტროპოლიტი უსახლკაროდ და საკვების გარეშე დარჩენილ ადამიანებს თავშესაფრად ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიებს სთავაზობს და წინასწარ ბოდიშს იხდის, რომ ეკლესიაში მოკრძალებული პირობებია. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პირობები ძალიან მოკრძალებულია ეკლესიაში, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი სანიტარული პირობები, იმისთვის, რომ ადამიანები მივიღოთ, მაგრამ მე მინდა მივმართო ყველა ადამიანს, ვინც დარჩენილი არის უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ, ტრანსგენდერი იქნება, ვინ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა - მოდით ჩვენთან ეკლესიაში და ჩვენ ვეცდებით, გაგიზიაროთ ის, რაც ჩვენ გვაქვს", - ამბობს მიტროპოლიტი.

ის აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა და კანის ფერისა, "ღმერთის ხატად არის შემქნილი".

"მე შემძრა და ალბათ თქვენც, როდესაც გუშინ გავიგეთ ამბავი, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში, ადამიანმა სცადა თავის დაწვა, იმის გამო, რომ აღმოჩნდა უსასოო მდგომარეობაში და მის გარშემო არ აღმოჩნდნენ ადამიანები, ვინც დახმარების ხელს გაუწოდებდა. თუ ვინმეს რელიგიურობა სწადია, მან უნდა სცადოს გაჭირვებულს გვერდით დაუდგეს, ვინც არ უნდა იყოს იგი, თითოეული ადამიანი - ტრანსგენდერი იქნება ეს, ჰეტეროსექსუალი თუ ჰომოსექსული, შავკანიანი, თეთრკანიანი, ღმერთის სახედ და ხატად არის შექმნილი და შესაბამისად, ჩვენ ყველას გვჭირდება მოწიწებული დამოკიდებულება ვიქონიოთ ამ ადამიანების მიმართ", - ამბობს მიტროპოლიტი ქადაგებაში.

30 აპრილს ტრანსგენდერმა ქალებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს და დახმარება მოითხოვეს. კორონავირუსის შედეგად შექმნილი ვითარების გამო ისინი შემოსავლის გარეშე არინ დარჩენილები და ბინის ქირას ვეღარ იხდიან. ერთერთმა მათგანმა თავის დაწვაც სცადა.

კომენტარები