საგანგებო მდგომარეობა

მეზვრიშვილი: შესაძლოა, შეზღუდვები 2 კვირაზე ნაკლები შუალედებით მოისხნას, ან თავიდან დაწესდეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის, თქმით, შეზღუდვების მოხსნის ერთი ეტაპიდან მეორეზე ქვეყანა შეიძლება ორ კვირაზე ნაკლები შუალედით გადავიდეს, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს. მეზვრიშვილი ამბობს, რომ ეს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას იგულისხმება არა მხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ ისიც, თუ როგორია ვირუსის გავრცელების ტენდენცია ცალკეულ გეოგრაფიულ არეალში.

"რასაკვირველია, შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნა შესაძლებელია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ზედმიწევნით, ზუსტად შეასრულებენ ჩვენი თანამოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს. ეს გახლავთ პირველ რიგში სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება და სხვა შეზღუდვები", - ამბობს მეზვრიშვილი.

ის არ გამორიცხავს, რომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, უკვე მოხსნილი შეზღუდვები დავიდან დაწესდეს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა და თითქმის სრული კარანტინია გამოცხადებული. აკრძალულია დიდ ქალაქებში შესვლ-გამოსვლა და ჩაკეტილია რამდენიმე მუნიციპალიტეტი.

21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი.

რამდენიმე დღის წინ მთავრობამ ორი აკრძალვა მოხსნა: დაუშვა მანქანებით გადაადგილება და ონლაინ ვაჭრობა. პრემიერის თქმით, შეზღუდვები ნელნელა, ორკვირიანი შუალედებით, მოიხსნება. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული.
 
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა.

კომენტარები