შეზღუდვების მოხსნა

ბოკერია: სასწრაფოდ უნდა გაიხსნას საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვარი

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველო მიმართავს ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გაიხსნას საქართველოს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვარი.

გიგა ბოკერიას თქმით, ბევრმა ქვეყანამ დაიწყო მსგავსი შეზღუდვების მოხსნა და საქართველოს არ უნდა ჩამორჩეს. მისივე თქმით, შესაძლებელია დაწესდეს ჩამოსულებისათვის ტესტირების ან კარანტინის წესი.

"რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს შეზღუდვები ყველაზე სარისკო ჯგუფებისთვის, 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის. ასევე შეზღუდვები მასობრივ შეკრებებზე, მაგალითად, 50 კაცზე მეტი", - ამბობს ბოკერია.

პარტია გამოდის ინიციატივით დროულად მოისხნას შეზღუდვები და ამუშავდეს ეკონომიკა.

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, მყისიერად უნდა მოიხსნას კომენდანტის საათი, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ აქვს და უნდა აღდგეს საქალაქთაშორისო მიმოსვლა. 

ევროპული საქართველოს მოუწოდებს ხელისფულებას 8 მაისიდან გახსნას ეკონომიკა და ყველა სახის ბიზნესი და ყველა მოქალაქეს მისცეს შანსი, რომ შეინახოს ოჯახი. მანამდე კი შეიმუშაოს გონივრული წესები და შეზღუდვები თითოეული კატეგორიის ბიზნესისთვის, როგორიც არის პირბადეების გამოყენება დახურულ სივრცეში და სოციალური დისტანცირების დაცვა.

პარტიის ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილის მიერ შემოღებული შეზღუდვები თავიდანვე იყო ხშირ შემთხვევაში აბსურდული და სრულდებოდა შერჩევითად.

"ყველანი ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში მთავრობებმა დაიწყეს სწრაფად გამოყვანა ეკონომიკის, მისი გახსნა და მოქალაქეებისთვის შანსის მიცემა, რომ საკუთარი ოჯახები შეინახონ და აღარ მიიღონ უმძიმესი დარტყმები", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ რა ტემპში გამოვა ამ მძიმე მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ქვეყნები არიან ერთმანეთთან კონკურენციაში და ის, ვინც დააგვიანებს ამ პროცესში მიიღებს კიდევ უფრო მეტ ზარალს და ეს აისახება მოქალაქეებზე და ოჯახებზე და შეიძლება უმძიმესი შედეგებით დამთავრდეს

"ის შეზღუდვები, რაც აქამდე იყო შემოღებული იმდენად შერჩევითი და არათანმიმდევრული იყო, რომ აპრიორი დაუკარგა ეფექტი და აზრი. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული გამოსვლის გეგმა არის ძალიან ნელი ტემპის და გაუაზრებელი და დამატებით დააზიანებს ჩვენს ქვეყანას", - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას:

1. 8 მაისს გახსნას ეკონომიკა, დაუბრუნოს მოქალაქეებსა და მეწარმეებს ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობის უფლება ხოლო იქამდე სხვადასხვა კატეგორიის ბიზნესის ფუნქციონირებისათვის აღდგენის პირობებისა და მუშაობის გონივრული წესები დაადგინოს. (მაგ. დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარების მოთხოვნა და სოციალური დისტანციის დაცვა), რომელთა დარღვევაც გამოიწვევს ადეკვატურ სანქციებს.

2. დაუყოვნებლივ გააუქმოს კომენდანტის საათი

3. აღადგინოს ქალაქებში და ქალაქთაშორისი მიმოსვლა, შეიმუშავოს მასობრივი ტესტირების წესი და დაიწყოს ტესტირება დაავადების გავრცელების ზონებში, ვირუსის გავრცელების შესაზღუდად.

4. მოხსნას კერძო ავტომობილებთან დაკავშირებული შეზღუდვები - გააუქმოს მცირეწლოვანის ბავშვების, ოჯახის წევრებთან ერთად მგზავრობის აკრძალვა

5. გააუქმოს მუნიციპალიტეტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის გამოტანაზე გაცემული ექსკლუზიური უფლებები და მისცეს ყველას ყიდვა/გაყიდვის უფლება

6. გახსნას საქართველოს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვარი. ასევე დაადგინოს ქვეყანაში შემოსულებისთვის ტესტირების ან კარანტინის წესი

7. განაგრძოს მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა და დროებით შეზღუდოს მასობრივი თავყრილობები ( 50 ადამიანი და მეტი).

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა და თითქმის სრული კარანტინია გამოცხადებული. აკრძალულია დიდ ქალაქებში შესვლ-გამოსვლა და ჩაკეტილია რამდენიმე მუნიციპალიტეტი.

21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათის.

ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან მთავრობამ რამდენიმე დღის წინ ორი აკრძალვა მოხსნა, დაუშვა მანქანებით გადაადგილება და ონლაინ ვაჭრობა. პრემიერის თქმით, შეზღუდვები ნელნელა ორკვირიანი შუალედებით მოიხსნება. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა.

კომენტარები