განათლება

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ვებსკოლას იწყებს

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს "ვებსკოლას" იწყებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა el.ge-ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს. 

ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 მაისიდან იწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს 2 მაისიდან შეეძლება. თითოეული ვებინარის აუდიო ჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

უწყების თქმით, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ღიად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები, და შენიშვნები, რაც განიხილება და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყებები ერთობლივად მუშაობენ გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს ეროვნული გამოცდები.

რაც შეეხება სკოლებს, პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა აკადემიური წელი არ გამოცხადდება.

კომენტარები