ინციდენტი ბოლნისში

კობახიძე მუშევანზე: მთავრობა რელიგიურ შუღლს აღვივებს, სუს-ის ხელით გამყრელიძეს ალაპარაკებს

თეოლოგი ბასილ კობახიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თქვა, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "თითქოს იმათი მოლა და მუფთი თამაშობს ცუდ როლს". 

კობახიძის შეფასებით, სახელმწიფო პანდემიის დროს დანაშაულს ჩადის და რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს აღვივებს. 

"სუს-ის ხელით ბრიყვ ამირან გამყრელიძეს ალაპარაკებს მუშევანის ინციდენტი პოლიტიკური პროცესია და ამის უკან ადგილობრივი მოლა და მუფთი დგანანო. ქვემო ქართლის გუბერნატორი, უარესი ბრიყვი რეხვიაშვილი, კვერს უკრავს, ეგრეაო.

ჩასვრილი მთავრობა ეკლესიას ვერაფერს უბედავს, რომელიც საჯაროდ ავირუსებს ადამიანებს და ყველაზე შეგნებულ ხალხს, მუსლიმებს ურტყამს, რომლებმაც კარანტინზე დაკეტეს მეჩეთები. მთავრობას ასე უნდა არჩევნების მოგება და მართლმადიდებლურ-ეთნიკური ტოტალიტარიზმის დამყარება", - წერს ბასილ კობახიძე. 

1 მაისს ბოლნისში, სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულების კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა, რასაც ინციდენტი მოჰყვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ბოლნისის მაჟორატორი დეპუტატის, გოგი მეშველიანის, თქმით კი, მათ ოჯახის დარწმუნება შეძლეს და ათივე ინფიცირებული კლინიკაში გადაიყვანეს. 

2 მაისს ამირან გამყრელიძემ მარნეულში ყოფნისას მუშევანის ინციდენტთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა და თქვა, რომ "ცოტა პოლიტიკურ პროცესებს აქვს ადგილი". 

"ჩვენ მოგვცეს ინფორმაცია, თითქოს იმათი მოლა და მუფთი თამაშობს ცუდ როლს", - თქვა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის მიერ გამოთქმულ ამ ეჭვს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი დაეთანხმა. 

16 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეიხი მირტაგი ასადოვი უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარა. უწყება ამბობდა, რომ საქმე საბოტაჟის მუხლითაა დაწყებული. გამოკითხვაზე მისულ მირტაგი ასადოვს კი ჰკითხეს, Facebook პოსტით რატომ მოუწოდებდა მარნეულელებს, ე.წ კომენდანტის საათის დროს საკუთარი ეზოებში მდგარი ავტომობილების დასიგნალებით პროტესტი გამოეხატათ.

თავად ასადოვი გამოკითხვაზე დაბარებას ერთერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც სეკულარული სახელმწიფოს პრინციპების დარღვევაზე საუბრობდა, რადგან სახელმწიფოს მიერ დაწესებული აკრძალვები მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეხება. 

მარნეულსა და ბოლნისში უკვე თვეზე მეტია, რაც მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. 

კომენტარები