ეთნიკური დისკრიმინაცია

TDI ხელისუფლებას: შეწყვიტეთ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის შეფასებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადებისთანავე, გამძაფრდა სიძულვილის ენა და ქსენოფობია ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ. TDI აღნიშნავს, რომ ადგილობრივები მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. 

"რაც შეეხება მუსლიმ სასულიერო პირებს, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მათ ახალი კორონავირუსის გავრცელებისთანავე გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მთელი საქართველოს მასშტაბით უარი თქვეს სამლოცველოებში შეკრებაზე, მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ, ხოლო სოციალურად დაუცველ ადამიანებს დახმარებას სთავაზობენ. 

მუსლიმები საქართველოში სისტემურ დისკრიმინაციას განიცდიან. სახელმწიფო უხეშად ერევა რელიგიური გაერთიანების ავტონომაში და უფლებების დაცვის ნაცვლად, უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს. რამდენიმე კვირის წინ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ხელძღვანელი შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა და მის მიმართ გამოძიება საბოტაჟის ბრალდებით დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მუსლიმების მიმართ" - აცხადებს TDI და მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას:

  • გაატაროს ინკლუზიაზე, თანასწორობასა და ინტეგრაციაზე დაფუძნებული პოლიტიკა; 
  • შეწყვიტოს მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა და უსაფრთხოების ნაცვლად, ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს დააფუძნოს;
  • უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობების დროული და პროაქტიული ინფორმირება ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ, განსაკუთრებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ასევე მოუწოდებს ეპიდემიოლოგებს, რომ "თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებების გავრცელებისგან". TDI აღნიშნავს, რომ "მსგავსი რიტორიკა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სტიგმატიზაციას და საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს".

ცნობისთვის, პირველ მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობა პოლიციას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაუპირისპირდა. ისინი კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების კლინიკაში გადაყვანას ეწინააღდეგებოდნენ. 2 მაისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მარნეულის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისას ეჭვი გამოთქვა, რომ მუშევანში "შესაძლოა, პოლიტიკურ პროცესებს აქვს ადგილი". მისივე თქმით, "ჩვენ მოგვცეს ინფორმაცია, თითქოს იმათი მოლა და მუფთი თამაშობს ცუდ როლს". 

მოგვიანებით, გამყრელიძემ განმარტა, რომ მისი მთავარი გზავნილია, ეთნიკურ ჯუფს მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრონ და ამაში უფრო ჩაერთონ როგორც სამოქალაქო პირები, ასევე რელიგიური ლიდერები.

"პირიქით, მადლობელი ვარ მუსლიმი თემის, რომლებმაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა მოწოდებას მხარი დაუჭირეს იგივე დისტანციურ ლოცვებთან დაკავშირებით. სამუშაო თათბირზე საუბარი ამაზე მიდიოდა, იქ ისეთი დეტალებია ჩემი საუბრიდან ამოღებული, ვერ ვიხსენებ, ამ ფორმით ვთქვი თუ არა, რომელმაც ამ თემთან გარკვეულ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა. ბოდიშის მოხდა არ მიჭირს არასდროს და შემიძლია მოვიხადო კიდეც, თუ ასეთი რამე წამომცდა იქ. თუ ეს ფრაზა ჩემ მიერ იქნა გამოყენებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის“, - უთხრა გამყრელიძემ ინტერპრესნიუსს.

კომენტარები