კორონავირუსი

სომხეთში Covid-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, 4 მაისიდან შეზღუდვები შემსუბუქდება

ერევანი, სომხეთი.
REUTERS

4 მაისიდან სომხეთში რესტორნები, ბარები, პატარა მაღაზიები, სილამაზის სალონები, ქიმწმენდა გაიხსნება. ასევე, სამშენებლო და საწარმო ინდუსტრიები კვლავ განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნება.

ამის შესახებ სომხეთის ვიცეპრემიერმინისტრმა ტიგრან ავინიანმა განაცხადა

სომხეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები იზრდება - შუა აპრილში დღეში საშუალოდ 50 ადამიანს უდასტურდებოდა ახალი ვირუსი, გასულ დღეებში კი დღეში 100-ზე მეტ პირს. 29 აპრილს ახალი კორონავირუსი 134 ადამიანს დაუდასტურდა.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ცენტრები, სკოლები და კოლეჯები ჯერჯერობით არ გაიხსნება. ასევე ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ განახლდება.

სომხეთი ცდილობს ეკონომიკაზე ახალი კორონავირუსისგან მიყენებული ზიანი შეამციროს. 2020 წელს ელოდებიან, რომ ქვეყნის ეკონომიკა 2%-ით შემცირდება.

26 აპრილს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანამ, შესაძლოა, მალე ვეღარ შეძლოს უმკურნალოს ინფიცირებულებს, რომლებსაც კორონავირუსის სუსტი სიმპტომები ექნებათ. 

"ნამდვილად არ მსურს ეს დღე დადგეს, მაგრამ ერთ დღეს ჩვენ ვეღარ შევძლებთ, მივსდიოთ ყველა ცალკეულ შემთხვევას", - ამბობს არსენ ტოროსიანი და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მხოლოდ სერიოზულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს უმკურნალებენ. 

3 მაისის მონაცემებით სომხეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 2 386 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 35 პაციენტი. 1 035 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები