საარჩევნო შეთანხმება

ჯაფარიძე: არ ვარ დარწმუნებული, რომ შემოდგომაზე არჩევნები ჩატარდება

გირჩი

"გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებას 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების შესრულება მოუწევს, ვინაიდან მას ხელი დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის მოდერაციით მოეწერა.

თუმცა, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ნორმალურად გაგრძელდება.

ჯაფარიძე არც იმაშია დარწმუნებული, რომ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება - მმართველმა გუნდმა შესაძლოა ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა მოიმიზეზოს, არჩევნები 6 თვით ან 1 წლიტ გადადოს და ხელისუფლებაში ყოფნა ასე გაიხანგრძლივოს.

"ახლა მათ (ქართულ ოცნებას) აქვს სრული განცდა, რომ თეთრ ცხენზე სხედან და მიაჭენებენ. მათ შეძლეს და სრულიად განადგურებული რეიტინგი წამოწიეს ზემოთ. ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე ხალხი მიხვდა, რომ ისინი უუნაროები არიან, მაგრამ მათზე ხალხი არ ბრაზდებოდა. ახლა ამ უუნარობიდან შეიქმნეს იმიჯი, რომ არიან ვირუსთან ყველაზე ეფექტურად მებრძოლები, იმაზე უკეთ ებრძვიან ვირუსს, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში და კონკრეტულმა პოლიტიკურმა ფიგურებმა, რომლებსაც თავი არ გამოეყოფოდათ გარეთ, შეძლეს რეაბილიტაცია. მათ წარმოუდგენიათ, რომ არჩევნებს იგებენ და ბარემ, რატომაც არა, პარლამენტი მაინც ჩვენია, გავახანგრძლივოთ 6 თვით ან 1 წლით და შემდეგ ისევ ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს. მგონია, რომ ასე უყურებენ ვითარებას და არა ისე, რომ არჩევნებში წაგების ეშინიათ",- თქვა ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში.

რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ, 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის საარჩევნო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 1%-იანი ბარიერით და მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თუ რომელიმე კომპონენტი არ შესრულდება, შეთანხმება ჩაშლილად ითვლება.

2 მაისს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "შეთანხმება პოლიტპატიმრებზე არ არის და ოპოზიცია საზოგადოებას ინფორმაციას უკუღმა აწვდის". მდინარაძის განცხადებით, შეთანხმება გულისხმობს, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში.

კომენტარები