აშშ - ჩრდილოეთ კორეა - სამხრეთ კორეა

პომპეო: ჩრდილოეთ კორეამ გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში, სავარაუდოდ, შემთხვევით გაისროლა

მაიკ პომპეო
REUTERS

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ შემთხვევით გაისროლა

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში (DMZ) ორი ქვეყნის სამხედროებს შორის ორმხრივი სროლა იყო. სამხრეთ კორეის ოფიციალური განცხადების თანახმად, ადგილობრივი დროით 3 მაისს 07:41-ზე, ჩრდილო კორეულმა მხარემ სამხრეთელების საგუშაგოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

სამხრეთელების თანახმად, პასუხად მოჰყვა "ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლა და გამაფრთხილებელი განცხადება ინსტრუქციის მიხედვით". სროლის შედეგად დაშავებული არავინაა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შემთხვევითია. სამხრეთ კორეამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცერთ მხარეს მსხვერპლი არაა," - განაცხდა პომპეომ.

ჯერჯერობით, კვლავ უცნობია, თუ რა გახდა პირველი გასროლის მიზეზი. როგორც სამხრეთ კორეის წარმომადგენლები აცხადებენ, ცდილობდნენ, სპეციალური ცხელი ხაზის გამოყენებით ჩრდილოეთის წარმომადგენლებს დაკავშირებოდნენ, რათა ინციდენტის მიზეზი გაერკვიათ.

ბოლო ხუთ წელიწადში ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთს პირდაპირ პირველად ესროლა. საზღვარზე უკანასკნელი ინციდენტი 2017 წლის ნოემბერში მოხდა, როცა ჩრდილოელმა ჯარისკაცმა საზღვარი გადაკვეთა და სამხრეთში გაიქცა.

კომენტარები