ახალი კორონავირუსი საქართველოში

ჭიაბერაშვილი: საქართველოში მედპერსონალის ინფიცირების რიცხვი საგანგაშოა

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რიცხვი საგანგაშოა.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ როგორც ჩანს, საავადმყოფოებში ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმები სათანადოდ ამუშავებული არ არის და მედპერსონალს ეკიპირება და ტრენინგი აკლია.

"ეს მათი ბრალი სულაც არ არის. ჩაკეტვას აქვს ერთადერთი აზრი - სამინისტრომ და მთავრობამ ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ მოამზადოს იმ 5, 6 და 8 კვირით, რა დროსაც ამ ჩაკეტვით ვიგებთ. როდესაც 28 იანვარს საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, გავიდა 3 თვეზე მეტი და გვიდგას იგივე პრობლემები, რაც მანამდე - მედპერსონალის რეგულარული ტესტირება და ეკიპირება - ეს იძლევა განგაშის საფუძველს.

ჩვენ ჩავიკეტეთ სახლში, ვითმენთ გაჭირვებას და შემოსავლის კლებას, მაგრამ რისთვის, თუკი ვხედავთ სერიოზულ ხარვეზებს და თუკი თავად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორშაბათს საბჭოს სხდომაზე მკაცრად დასვამს საკითხს, რომ ადგილებზე ჯანდაცვის ვერტიკალი გაცილებით ეფექტურად უნდა მუშაობდეს. ეს სიტყვები ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გაცილებით მეტს უნდა აკეთებდეს პაციენტთა ნაკადების მართვაში და სხვა" - თქვა ჭიაბერაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

ევროპული საქართველოს წევრი ასევე ამბობს, რომ საზოგადოებამ ასევე არაფერი იცის იმაზე, თუ რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო, როგორ ამზადებს კლინიკებს ინფექციის მართვისთვის.

"შემთხვევების მატებასთან ერთად უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსმა შეიძლება თავი ამოყოს ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, ამიტომ ნებისმიერი დასახლებული პუნქტის ნებისმიერი სამედიცინო წერტილი, სოფლის ექიმის კაბინეტიდან დაწყებული, დამთავრებული საუნივერსიტეტო კლინიკით - ყველგან უნდა იყოს ჩატარებული ტრენინგი, თუ როგორ ვმართოთ ინფექცია ისე, რომ სამედიცინო დაწესებულებები, მისი ექიმები და ექთნები არ გახდნენ მისი გავრცელების წყაროები", - ამბობს ის.

1-ლ მაისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ სამედიცინო პერსონალის 72 წარმომადგენელი იყო ინფიცრებული. ეს დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის თითქმის 13%-ია.

კომენტარები