კორონავირუსი და ეკონომიკა

გახარია: ყველა, ვინც დაკარგა შემოსავალი, მიიღებს მხარდაჭერას

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფოსგან მხარდაჭერას მიიღებს "ყველა ის ადამიანი, ვინც საბოლოო ჯამში დაკარგა შემოსავალი".

ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, მთავრობა დღეს, 4 აპრილს დაამტკიცებს აქამდე წარდგენილ გეგმას, რაც მოიცავს 6 თვით თვეში 200 ლარიან დახმარებას იმ დაქირავებით დასაქმებულებისთვის, ვინც სამუშაო ადგილი დაკარგა და ასევე 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას იმ თვითდასაქმებულებისთვის, ვინც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად დაკარგა შემოსავალი.

გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე განიხილება ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რაც გულისხმობს შეღავათებს საშემოსავლო გადასახადზე - 750 ლარამდე ხელფასი 6 თვით საშემოსავლოსგან სრულად გათავისუფლდება, ხოლო 750 ლარიდან 1500 ლარამდე ხელფასი 750 ლარამდე ოდენობით.

"ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივებთ ამ მექანიზმებს და მერწმუნეთ ყველა ის ადამიანი, ვინც საბოლოო ჯამში დაკარგა შემოსავალი მიიღებს ასეთ მხარდაჭერას", - ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერის ამ განცხადების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ თვითდასაქმებულთა დასახმარებლად 75 მილიონი ლარი გამოყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარებას 573 ათასი თვითდასაქმებული ვერ მიიღებს.

კომენტარები