ზაზა აბაშიძის კომენტარი

ევრ. საქართველო აბაშიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორობიდან გადაყენებას ითხოვს

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს ეხმიანება. მას ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად და ძალადობისკენ მოწოდებად აფასებს. პარტია აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ, facebook-ზე, კომენტარის სახით, მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონის მცხოვრებლებთან დაკავშირებით დაწერა: "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!"

"ეთნიკური შუღლის გაღვივება და მით უმეტეს ძალადობისკენ მოწოდება ისჯება კანონით. ბატონი აბაშიძე არის ქართული ოცნების ერთერთი სახე, რომელიც სწორედ პოლიტიკური ნიშნით დაინიშნა ამ თანამდებობაზე და ის კვლავ ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას", - ამბობს კანდელაკი.

ევროპული საქართველოს წევრი აბაშიძის პოლიტიკური ლოიალურობის ნიშნით დანიშვნაზე აკეთებს აქცენტს. პარტია დაკავებული თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად მის მიმართ ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას მოითხოვს.

"ეთნიკური შუღლის გაღვივება არის არათუ დაუშვებელია, არამედ არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის. მის მიმართ ვერანაირ შემწყნარებლობას საკუთარი თავის პატივისმცემელი სახელმწიფო ვერ გამოიჩენს", - ამბობს კანდელაკი.

კანდელაკი აბაშიძის პრორუსულ ბექგრაუნდზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის თავის დროზე იყო ერთერთი პრორუსული პარტიის აქტიური წევრი და ასევე იგი იყო ღიად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც არის დაფუძნებული გორჩაკოვის ფოდნის მიერ. 

"გორჩაკოვის ფონდი არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნილი. მის საბჭოს ხელმძღვანელობს მინისტრი სერგეი ლავროვი და ჩვენს ქვეყანაში და სხვაგანც ღიად არის მიჩნეული რუსეთის გავლენის აგენტად, რუსული პროპაგანდის ერთერთ მთავარ ინსტრუმენტად. აქ მოღვაწეობის დროს აბაშიძე საჯაროდ გამოდიოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ", - ამბობს კანდელაკი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ფონდში მოღვაწეობის შემდეგ დანიშნა ქართულმა ოცნებამ აბაშიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად.

"აბაშიძის შეხედულებები არ არის გამონაკლისი ქართულ ოცნებაში. პარტია სავსეა ასეთი შავრაზმული შეხედულებების მქონე ადამიანებით, რომლებიც შეზრდილნი იყვნენ საბჭოთა სისტემასთან. თავისი არსით არიან საბჭოთა ადამიანები და მათთვის ფასეულობას არ წარმოადგენს ჩვენი ხალხი მისწრაფება რომ ავაშენოთ თავისუფალი დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფო," - ამბობს აკნდელაკი.

მოგვიანებით ზაზა აბაშიძემ კვლავ დაწერა:

"კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს..ვნიათ! გინდა აზერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი..."

კომენტარები