მთავრობის გეგმა

ბაქრაძე: მთავრობის ეკონომიკური გეგმა არის არასრულყოფილი და ძალიან ნელი ტემპით სრულდება

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, მთავრობის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ გეგმას ორი ძალიან დიდი ხარვეზი აქვს - არასრულყოფილია და ძალიან ნელი ტემპით სრულდება.

მისივე თქმით, ეს გეგმა ვერ აამუშავებს ეკონომიკას, რადგან გადასახადების შემცირებას არ ითვალისწინებს.

"გეგმა ყოველგვარი დახმარების გარეშე ტოვებს მინიმუმ 600 ათას თვითდასაქმებულს, საარსებო მინიმუმზე ნაკლებით ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც სამსახური ჰქონდა და ხელფასი დაკარგა" - ამბობს ბაქრაძე.

რაც შეეხება გეგმის შესრულების ტემპებს, ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ყველა დაკარგული დღის ანაზღაურებას მომავალში შეიძლება თვე ან რამდენიმე თვე დასჭირდეს.

მისივე თქმით, ასეთი არასრულყოფილი გეგმით და მისი შესრულების ასეთი ტემპით, საქართველო აღმოჩნდება უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში.

"თვენახევარი გავიდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან, ორი კვირა გავიდა მთავრობის მიერ ამ გეგმის წარდგენიდან და ვხედავთ, რომ დღემდე არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ არის გადადგმული, არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ მიუღია დახმარება და ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რას დაამტკიცებენ და როგორ, სამომავლოდ", - ამბობს ბაქრაძე.

მთავრობამ ეკონომიკური გეგმა 24 აპრილს წარადგინა. გეგმის მიხედვით, სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარებიან, თვითდასაქმებულ პირებს კი, ერთჯერადად, 300 ლარით.

ჯერჯერობით დახამრება არავის მიუღია. ასევე აღსანიშნავია, რომ დახმარებას ვერ მიიღებენ ის თვითდასაქმებულები, რომლებიც ფიზიკურ პირებთან მუშაობენ და იურიდიული პირის მიერ გაცემულ დოკუმენტს ვერ წარადგენენ.

კომენტარები