ზაზა აბაშიძის კომენტარი

დარგალი ზაზა აბაშიძის კომენტარზე: პასუხი უნდა მიიღოს შესაბამისი უწყებების მხრიდან

ზაურ დარგალი

მარნეულის მერი ზაურ დარგალი მარნეულელების შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ზაზა აბაშიძის, შეურაცხმყოფელ კომენტარს ეხმაურება და ამბობს, რომ აბაშიძემ ამის გამო შესაბამისი პასუხი უნდა მიიღოს. 

"ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ადამიანი, საჯარო მოხელე, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. ნებისმიერი დისკრიმინაციული განცხადება ცუდია და შესაბამისი პასუხი უნდა მიიღოს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებიდან, ისე შესაბამისი უწყებების მხრიდან", - თქვა დარგალმა. მის ამ კომენტარს Marneuli FM ავრცელებს. 

მარნეულის მერის თქმით, საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა და ამ ქვეყნის ყველა შვილი სრულყოფილი მოქალაქეა. 

"ჩემთვის, პირადად, მარნეული არის საქართველოს გული და არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება მარნეულელებზე და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე ცუდი თქვას ეთნიკურ ან სხვა კულტურულ-რელიგიურ ჭრილში", - ამბობს დარგალი. 

2 მაისს ტაბულამ გაავრცელა ზაზა აბაშიძის კომენტარი - მან Facebook-ზე ერთერთ პოსტზე მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონის მცხოვრებლებთან დაკავშირებით დაწერა - "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!"

აბაშიძის ამ კომენტართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსმა "არა ფობიას" და მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. 

ამ განცხადების გამო მის გადაყენებას მოითხოვს ევროპული საქართველოც. 

კომენტარები