უკრაიანა

Українська правда: სააკაშვილი თანამდებობას უახლოეს დღეებში მიიღებს

Facebook/Mikheil Saakashvili

მიხეილ სააკაშვილი თანამდებობას უახლოეს დღეებში მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ Українська правда ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"სააკაშვილს უახლოეს დღეებში დანიშნავენ, ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია ვისაუბროთ რა თანამდებობას მიიღებს ის, ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა განაცხადოს. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ სააკაშვილი მთავრობას დაეხმარება" — ამბობს ანონიმური წყარო გამოცემასთან საუბარში.

22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ ზელენსკისგან მიიღო შეთავაზება რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერობის შესახებ.

"ჩემთვის ეს დიდი პატივია. მე მქონდა შინაარსიანი და სასარგებლო საუბარი პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან, რომლის ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ ჩემს შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებული ყველა საკითხი", — თქვა სააკაშვილმა. 

შემოთავაზების მიუხედავად, უკრაინის რადას მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი ჯერჯერობით არ განუხილავს. 

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარია ამბობს, რომ თუ უკრაინა მიხეილ სააკაშვილს ვიცეპრემიერად დანიშნავს, ამას "საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება".

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ უკრაინიდან ელჩი გამოიწვია, პრემიერმინისტრი უარყოფს და ამბობს, რომ ჯერჯერობით ელჩი არ გამოუწვევიათ. თუმცა, თუ სააკაშვილს უკრაინა ვიცეპრემიერად დანიშნავს, გიორგი გახარიას თქმით, მმართველი გუნდი ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოიწვევს.

კომენტარები