სირია-ისრაელი

ისრაელმა სირიაში სამხედრო ბაზაზე და კვლევით ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

AFP

სირიის სახელმწიფო მედიის მიხედვით ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის მიერ გასროლილი რაკეტები ჩამოაგდო, რომელთა სამიზნეს ალეპოს პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზა და კვლევითი ცენტრი წარმოადგენდა.

სირიული მედიის მიხედვით ბოლო ორ კვირაში ეს ისრაელის მხრიდან მეხუთე თავდასხმაა.

სირიის არმიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დარტყმები მოხდა ალეპოს აღმოსავლეთით ალ საფირას სამხედრო ბაზაზე.

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით ალეპოს პროვინციაში განლაგებული არიან ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ძალები. მათ აქვთ როგორც სამხედრო ბაზები, ასევე მეთაურთა შტაბი და განათავსეს სამხედრო აღჭურვილობა.

კვლევითი ცენტრი კი ერთ-ერთია, რომელზეც დასავლური დაზვერვა ეჭვობს, რომ იქ ირანის მხარდაჭერით სირია ქიმიურ იარაღზე მუშაობს.

ისრაელის არმიაში კომენტარს არ აკეთებენ.

გასულ კვირას სირიის სახელმწიფო მედიაში გამოაცხადეს, რომ ისრაელის ვერტმფრენებმა გოლანის მაღლობიდან სირიის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაისროლეს. სამიზნეს ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ძალების პოზიციები წარმოადგენდა.

პარალელურად, სირიის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰომსში იარაღის საწყობში აფეთქება მოხდა, თუმცა უარყვეს ინფორმაცია, რომ ეს თავდასხმით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ აფეთქება ისრაელის საჰაერო დარტყმებმა გამოიწვია და მათ სამიზნეს ჰომსი-პალმირას გზაზე მდებარე ბაზა წარმოადგენდა, რომელსაც ჰეზბოლა აკონტროლებს.

ისრაელის არმიას კომენტარი არ გაუკეთებია. ისრაელი სირაში ირანის სამხედრო ძალებს, რომლებიც ბაშარ ალ-ასადს უჭერენ მხარს, პირდაპირ საფრთხეს აღიქვამენ და მათზე არაერთი თავდასხმა განუხორციელებიათ.

კომენტარები