ვენესუელა

ვენესუელაში შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით აშშ-ის ორი მოქალაქე დააკავეს

Reuters

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ თქვა, რომ დააკავეს აშშ-ის ორი მოქალაქე, რომლებსაც, მისი თქმით, კავშირი აქვთ აშშ-ის არმიის ვეტერანთან, რომელმაც ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის ჩაშლილ გეგმაზე აიღო პასუხისმგებლობა.

"ისინი რემბოს თამაშობდნენ, გმირობას თამაშობდნენ", - თქვა მან.

მადურომ წარმოადინა აშშ-ის ორი პასპორტი, რომელიც აირან ბერის და ლუკ დენმანს ეკუთვნით და თქვა, რომ ისინი დაკავებულები არიან.

სახელმწიფო ტელევიზიით მიმართვისას მადურომ თქვა, რომ ვენესუელამ 3 მაისს ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმა აღკვეთა. მისი თქმით მოკლულია 8 ადამიანი. მადურო თავდასხმის ორგანიზებაში კოლუმბიას და აშშ-ს ადანაშაულებს. მადუროს რეჟიმის განცხადების მიხედვით, დაქირავებულმა სამხედროებმა ვენესუელაში შესვლა კოლუმბიიდან ნავებით სცადეს.

ჯორდან გუდრო, რომელიც ფლორიდაში უსაფრთხოების კომპანია Silvercorp-ს ფლობს, Reuters-თან საუბარში საკუთარ თავს ვენესუელაში შეჭრის ორგანიზატორად ასახელებს და ამბობს, რომ ბერი და დენმანი მასთან მუშაობენ. გუდროსთან ერთად მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ვენესუელის დისიდენტი სამხედრო ოფიცერი ხავიერ ნიეტო. გუდრო ირწმუნება, რომ მისი გუნდის მებრძოლები აგრძელებენ ოპერაციებს ვენესუელის სხვადასხვა ნაწილში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაკავებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. აშშ მომხდართან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ვენესუელის ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ შეიარაღებული თავდასხმა დადგმულია და ამით მადურო ცდილობს ყურადღება გადაიტანოს ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან, მათ შორის კარაკასში ბანდებს შორის დაპირისპირების და ციხეებში დაწყებული ბუნტიდან. ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, რომელიც 50-ზე მეტმა ქვეყანამ გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა, უარყოფს, რომ მადუროს დასამხობად Silvercorp მან დაიქირავა.

კომენტარები