პრემიერი პარლამენტში

ბაქრაძე: პრემიერთან გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა, მთავრობის ქმედებების შესახებ

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან ძალიან ბევრი კითხვა აქვთ, მთავრობის ქმედებებისა და ეკონომიკაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ. 

პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პრემიერი პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის საკითხის განხილვის დროსაც უნდა მისულიყო და საზოგადოებისთვის და დეპუტატებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

"ორივეჯერ, საგანგებოს გამოცხადების დროს, პრემიერმა თავი აარიდა პარლამენტში მოსვლას, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი შეკითხვები რჩება, ამ კითხვების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, როდესაც ვხედავთ მთავრობის მიერ ეკონომიკაში გადადგმულ ნაბიჯებს.

ევროპულ საქართველოს ექნება მასთან ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც უკავშირდება მთავრობის მოქმედებებს, თუ რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ მოსახლეობას გაუადვილდეს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული უმძიმესი შედეგების გადალახვა", - ამბობს ბაქრაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს. პარტიაში ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. ენმ პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში 29 მაისს ელოდება.

კომენტარები