კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი: დღესდღეობით პირბადე განიხილება, როგორც ვირუსისგან თავის დაცვის კარგი საშუალება

NCDC

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის, თქმით, დღესდღეობით პირბადე განიხილება, როგორც ვირუსისგან თავის დაცვის კარგი საშუალება.

ზახაშვილის თქმით, პირბადე, ალბათ, ერთადერთი პრევენციის საშუალებაც არის საზოგადოებრივი თავშეყრის ან ისეთ სივრცეებში მოხვედრისას, სადაც ბევრი ადამიანი ერთდროულადაა შეკრებილი. 

"მაღაზიებში, აფთიაქებში და ა.შ. - ყველგან რეკომენდებულია ნიღბის ტარება და ნიღაბი უნდა გამოიყენოს ყველამ, მიუხედავად იმისა, რამდენად ჯანმრთელად გრძნობს ის თავს. დღეისათვის ასევე აღიარებულია, რომ თუ დაავადებული ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის, დაახლოებით, 50-დან 60%-მდე შეამცირებს შანსს, რომ გადასდოს დაავადება ჯანმრთელ ადამიანს და ეს შეეხება არამარტო კორონავირუსს, არამედ სხვა რესპირაციულ ვირუსებსაც. 

იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის გარკვეულწილად შეიმცირებს შანსს, რომ მის ლორწოვან გარსებზე, ცხვირსა და პირზე მოხვდეს ვირუსი, ხოლო თუ ორივე გამოიყენებს, ეს რისკი იქნება მინიმალურად შემცირებული", - ამბობს ზახაშვილი. 

ეპიდემიოლოგის თქმით, ნიღბის გამოყენება ასევე რეკომენდებულია ჩვეულებრივ გარემოში ადამიანებს შორის საუბრის დროსაც. ამასთან, მისი თქმით, თუკი დაავადების გავარცელება გაგრძელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, ადამიანებმა ასევე უნდა გამოიყენონ პირბადე იქაც. 

"ნიღაბი შეიძლება იყოს საკუთარი ხელით დამზადებული, ქსოვილის რამდენიმე ფენისგან შეკერილი, როგორიც თქვენ მოგეხასიათებათ, მოგეწონებათ ან თქვენს ჩაცმა-დახურვის სტილს უფრო შეესაბამება, მთავარია, რომ იყოს რამდენიმე ფენიანი, მთავარია, რომ იყოს მასიური, სუნთქვა იყოს შესაძლებელი და მთლიანად, რა თქმა უნდა, არ უნდა დაახშოთ სუნთქვის შესაძლებლობა და შეძლებისდაგვარად სრულად ფარავდეს ნიღაბი ცხვირსა და პირს", - თქვა ხათუნა ზახაშვილმა. 

ზახაშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოხმარებისა და გამოყენების წესს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ვიდეოა გავრცელებული ნიღბის სწორ გამოყენებაზე, მაინც ხშირად ვაწყდებით რეალობაში, რომ ადამიანები არასწორად მოიხმარენ ნიღაბს. 

"როდესაც იწყებენ საუბარს, ამ ნიღაბს ამოძრავებენ, ცდილობენ, რომ ალბათ, უფრო გასაგები გახდეს [ნათქვამი] და რამდენადაც მიჩვეულები არ ვართ საზოგადოებაში ნიღბის გამოყენებას, საუბრის დროს ჩამოიწევენ და მერე აიწევენ ისევ ნიღაბს სახეზე, რაც აბსოლუტურად არასწორია იმიტომ, რომ მაქსიმალური რისკები იქმნება მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ, განსაკუთრებით, თუ გვინდა, რომ მკაფიო და ცოტა ხმამაღლა ვისაუბროთ ადამიანებთან ამ დროს უფრო მეტი შანსი და რისკია გამოვაფქვიოთ, თუ ჩვენს ლორწოვან გარსებზე არსებობს ვირუსი", - თქვა ზახაშვილმა. 

მისივე თქმით, საზოგადოებას აუცილებლად უნდა ახსოვდეს, რომ ნიღაბი სახეზე სუფთა ხელებით უნდა მოითავსონ, ანუ ნიღბის გაკეთებამდე მათ ხელები უნდა დაიბანონ ან სპირტის შემცველი ხსნარით უნდა დაიმუშავონ და ამის შემდეგ, ისე უნდა მოითავსონ სახეზე, რომ მაქსიმალურად ფარავდეს ცხვირსა და პირს და არ იყოს ჩამოკიდებული ნიღაბი სახიდან ისე, რომ მისი ცხვირიდან ჩამოცურების რისკი არსებობდეს. 

"ჩვეულებრივ, იმ სამედიცინო ნიღაბს, რომელიც აფთიაქებში იყიდება და უმრავლესად აქვთ ადამიანებს, აქვს სპეციალური სამაგრები და ის სამაგრი ცხვირზე კარგად უნდა მოირგოთ და როგორიც არ უნდა იყოს ეს ნიღაბი, მასზე გარედან ხელით შეხება არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ნიღაბი იმიტომ არ გიკეთიათ, რომ ხელით შეეხოთ. პირიქით, არ უნდა შეეხოთ, მაშინ, როდესაც აქტიურ მოხმარებაში გაქვთ ეს საგანი და ნიღაბი უნდა გამოიცვალოთ ჩვეულებრივ 2-3 საათში ერთხელ ან ყოველთვის როდესაც ისინი დაინესტება. 

მრავალჯერადი მოხმარების ნიღბების გამოყენების დროს შეიძლება ის გაირეცხოს, გაუთავდეს და მათი შემდგომი გამოყენება მისაღებია, შესაძლებელია", - თქვა ზახაშვილმა. 

ხათუნა ზახაშვილი ასევე მიმართავს მშობლებს და ამბობს, რომ მცირე ასაკის ბავშვებისთვის ნიღბის ტარება რეკომენდებული არ არის. 

კომენტარები