კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: საქართველო 4 პრეპარატის შესადარებლად WHO-ს კვლევაში მიიღებს მონაწილეობას

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის, თქმით, საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე 4 მედიკამენტს გამოცდიან. 

ცერცვაძის თქმით, ზოგადად, ნებისმიერი ქვეყნის და კლინიკის მიერ კვლევებში მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ იყო "დაავადებასთან ბრძოლის ავანგარდში", რადგან მისივე განმარტებით, კვლევებში ყოველთვის მოწმდება ყველაზე უფრო იმედის მომცემი და პოტენციურად ეფექტიანი მედიკამენტები. 

"თან მოწმდება მაღალი სტანდარტის საერთაშორისო პროტოკოლებით, რომელთა შედეგების ნამდვილობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. საქართველო მონაწილეობას მიიღებს ერთერთ ყველაზე სერიოზულ კვლევაში, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევა. მულტიცენტრული კვლევაა, რამდენიმე ქვეყანაა ჩართული და საქართველოს, როგორც ალბათ, ერთერთ წარმატებულ ქვეყანას ეს შესთავაზეს და ჩვენმა სამინისტრომ, რა თქმა უნდა, ამაზე უარი არ თქვა", - თქვა ცერცვაძემ TV პირველის ეთერში, გადაცემაში "რეაქცია". 

როგორც ცერცვაძე ამბობს, კვლევის ფარგლებში ერთმანეთს შედარდება 4 მედიკამენტი: 

1. პლაქვენილი, რომელსაც საქართველო უკვე იყენებს კორონავირუსთან ბრძოლაში;
2. რემდესივირი, რომელიც პირველად შემოვა საქართველოში; 
3. ლოპინავირ/რიტონავირი, რომელიც შიდსის საწინააღმდეგოდ გამოიყენება და რომელიც საქართველოში რამდენიმე აივ დადებით პაციენტზე უკვე არის გამოყენებული;
4. ლოპინავირ/რიტონავირი პლუს ბეტა ინტერფერონი. 

ცერცვაძის თქმით, პაციენტების კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება და ყველა წინასწარ ხელმოწერით დაადასტურებს კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობას. 

"ადამიანები ვართ და ზოგიერთმა შეიძლება თქვას უარი რაღაც მოსაზრებებით, ზოგიერთი ახალ პირადობის მოწმობას არ იღებს რაღაც მოსაზრებებით... თუ ასეთ გამონაკლისებს არ ჩავთვლით, მაშინ სავარაუდოა, რომ ყველა სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას", - ამბობს ცერცვაძე. 

კითხვაზე, აქვს თუ არა პრეპარატებს გვერდითი მოვლენები, ცერცვაძე განმარტავს, რომ გვერდითი მოვლენები ამ 4 მედიკამენტსაც აქვს, ისევე როგორც ყველა სხვას.

"ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლები. ამათ აქვთ გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა სხვა მედიკამენტებზე მეტი და არა - სიცოცხლისთვის საშიში. თუ მას იყენებს კვალიფიციური ექიმი, მან უნდა გაითვალისწინოს უკუჩვენებები და არ უნდა დაუნიშნოს იმ პაციენტს, რომელსაც აქვს უკუჩვენება", - ამბობს ცერცვაძე. 

საქართველოში ამ დროისთვის მოქმედი პროტოკოლის მიხედვით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს პლაქვენილით მკურნალობენ, თუმცა ეს მედიკამენტები მხოლოდ მძიმე შემთხვევებზე გამოიყენება. 

რაც შეეხება რემდესივირს, 2 მაისს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ მისი Covid-19-ის გადაუდებელი შემთხვევებისთვის მკურნალობა დაუშვა. 

FDA-იმ ჩათვალა, რომ რემდესივირი გადაუდებელი გამოყენებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს: საფუძვლიანია ვარაუდი, რომ ის ეფექტური შეიძლება იყოს Covid-19-is მკურნალობისას. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ახალი კორონავირუსის ალტერნატიული დამტკიცებული მკურნალობა, რემდესივირის ცნობილი და პოტენციური სარგებელი, ამ ეტაპზე, აჭარბებს შესაძლო რისკებს.

კომენტარები