ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ხშირად სასწრაფოს ექიმები ინფიცირდებიან არასამუშაო დროს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმები COVID 19-ით ხშირად სამსახურის გარეთ ინფიცირდებიან, თუმცა, მინისტრისვე განმარტებით, ეს არ უნდა გაიგივდეს არაპროფესიონალიზმთან.

"არის ხშირი შემთხვევები, როდესაც სასწრაფოს ექიმები ინფიცირდებიან არა სამუშაოს შესრულების დროს. ჩვენ ვიცით, რომ ისინი პროფესიით ექიმები არიან, მაგრამ არ [უნდა] მოხდეს ამის გაიგივება მათ არაპროფესიონალიზმთან ან იმ პროტოკოლის არაჯეროვნად შესრულებასთან, რომლის ტრენინგიც გავლილი აქვთ.

მოხდა ჩემი განცხადების ინტერპრეტირება, თითქოს დავადანაშაულე ჩვენი მოქალაქეები, რომ არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო, ექიმები ადგილზე მიდიან არასაკმარისი აღჭურვილობით. განცხადების შინაარსი იყო მსგავსი, რომ ექიმების მხრიდან გამოიკვეთა მსგავსი ხარვეზებიც. არ შეიძლება, რამდენიმე გადაცდომის და შეცდომის გამო, ეს გავავრცელოთ მთელ მოსახლეობაზე", - ამბობს ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ქართველი ექიმების ახალი კორონავირუსისგან დაცვის ხარისხი "საკმაოდ მაღალია".

საქართველოში მედპერსონალის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 72 შემთხვევაა დადასტურებული.

ქვეყანაში COVID 19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით ქვეყანაში 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები