ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე მანქანაში წინ დაჯდომაზე: ჩავთვალე პირველი დარტყმა საკუთარ თავზე ამეღო

რუსთავი 2

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც ის ავტომობილში დადგენილი წესების დარღვევით ჯდება. კოკრეტულად კი მძღოლის გვერდზე, რაც საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული ერთერთი შეზღუდვაა. ამ შეზღუდვის დამრღვევი ფიზიკური პირი კი 3 000 ლარით ჯარიმდება.

ტიკარაძის განმარტებით, ამ საქციელით მან "პირველი დარტყმა" საკუთარ თავზე აიღო. კადრების გავრცელების შემდეგ მოყოლილ კრიტიკას კი მინისტრი კანონმდებლობის მოხმობით პასუხობს და ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის აღმსრულებელს უფლება აქვს, საგანგებო მდგომარეობაში მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.

"ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაკეთეთ უკვე განცხადება, ვინაიდან თავიდან, როდესაც ამასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გაკეთდა, მე ჩავთვალე, რომ ჩვენი ოპონენტები უფრო დეტალურად შეისწავლიან საქართველოს კანონმდებლობას და დადგენილებებს, თუმცა ეს არ მოხდა და მიუხედავად ჩვენი განცხადებისა, რადგან ეს კითხვა კვლავ ღიაა, თქვენი ეთერის საშუალებით განვმარტავ, რომ საქართველოს მთავრობის 181-ე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის აღმსრულებელს აქვს უფლება საგანგებო მდგომარეობაში მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები, რომლებიც არის აუცილებელი ხშირ შემთხვევაში.

და ეს იყო სწორედ ის მომენტი, როდესაც იყო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო საშუალების მცირე ოდენობით მომხდარიყო ადამიანების მაქსიმალური რაოდენობის გადაყვანა. შესაბამისად, მე ჩავთვალე, რომ პირველი დარტყმა, უმჯობესი იყო, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობის მიზეზიც მე გახლავართ, ამეღო ჩემს თავზე", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში "ღამის კურიერი".

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ავტომანქანაში დაშვებულია მხოლოდ სამი ადამიანის ყოფნა, აქედან ერთერთი თავად მძღოლია, ხოლო დანარჩენი 2 მგზავრი ნაწილდება მანქანის უკანა სავარძელზე. მძღოლის გვერდზე არსებული სავარძელი აუცილებელია იყოს ცარიელი.

კომენტარები