გამარჯვების დღე

გამარჯვების დღე #ევროპასთანერთად - MDF-ის ახალი საინფორმაციო კამპანია

#ევროპასთანერთად - მედიის განვითარების ფონდი (MDF) ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს.

კამპანიის მიზანია, შეახსენოს საქართველოს მოქალაქეებს კრემლის მიერ მეორე მსოფლიო ომის ისტორიით მანიპულირების მუდმივი მცდელობა და მოუწოდოს მათ, აღნიშნონ ნაციზმზე გამარჯვების დღე ევროპის ქვეყნებთან ერთად - 8 მაისს.

ორგანიზაცია შეეცდება, ამ გზით აამაღლოს ცნობიერება  იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს კრემლი პოლიტიკურ ინსტრუმენტად მეორე მსოფლიო ომის ხსოვნას და სიმბოლიზმს, მათ შორის "უკვდავ პოლკს" და წმინდა გიორგის ლენტს.

MDF-ის მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც კრემლის მიერ დაფინანსებული "უკვდავი პოლკის" კამპანიის შესახებაა, მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, გააზირონ ის და გამარჯვების დღე 8 მაისს აღნიშნონ, ჰეშთეგით - #ევროპასთანერთად.

თამარ კინწურაშვილი, MDF-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს:

"მილიონობით ადამიანმა საბჭოთა რესპუბლიკებიდან, ევროპიდან და ამერიკიდან, თავისი სიცოცხლე მეორე მსოფლიო ომში თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მათ თავგანწირვას და უფლება არ მივცეთ კრემლს, მათი ხსოვნა საკუთარი ამჟამინდელი აგრესიული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოიყენოს. ჩვენი კამპანია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, არ დავუშვათ კრემლის მხრიდან მათი ხსოვნით ცინიკური მანიპულირების მცდელობა და გამარჯვების დღე ევროპასთან ერთად 8 მაისს აღვნიშნოთ".

MDF მიუთითებს, რომ მაშინ, როცა დასავლეთ ევროპა ნაციზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს, რუსეთი ამ მოვლენას 9 მაისს "უკვდავი პოლკის" მსვლელობით ხვდება.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 2017 წელს ამ სადაო ტრადიციის საქართველოში გაჩენას საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა და თავად თარიღიც საზოგადოებრივი განსჯის საგანი გახდა:  "საერთო ისტორიულ მეხსიერებაზე აპელირებით კრემლი ცდილობს, ეს დღე საკუთარი საგარეო გავლენის ბერკეტად გამოიყენოს და სწორედ ამიტომ შეარჩია სიმბოლოდ წმ. გიორგის ლენტი და მოახდინა 'უკვდავი პოლკის' თავდაპირველი იდეის პოლიტიზება".

"უკვდავი პოლკის" მარშის იდეა, სადაც ადამიანები მეორე მსოფლიო ომში მონაწილე წინაპრების ფოტოებით გამოდიან, სამ რუს მეგობარს ეკუთვნის. პირველი მარში 2012 წელს გაიმართა და იდეამ სწრაფად მოიცვა მთელი რუსეთი, რის შემდეგაც 2014 წელს მარშს კრემლი დაეპატრონა, იდეის ავტორები განდევნა და უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა. შემთხვევითი არაა, რომ "უკვდავი პოლკის" მარშის სიმბოლოდ წმინდა გიორგის ლენტი შეირჩა, რომელიც 2005 წლიდან საყოველთაოდ გამოიყენება რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამარჯვების აღლუმებზე და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში კრემლის ექსპანსიისა და ჩარევის სიმბოლოდ მიიჩნევა. მოგვიანებით წმ. გიორგის ლენტი უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და "ნოვოროსიას" ანუ "ახალი რუსეთის" კონცეფციის სიმბოლო გახდა", - წერს MDF.

ასევე აღსანიშნავია, რომ კრემლისტური, პროპუტინური "უკვდავთა პოლკის" ქართული ოფისი, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ვაკის პარკში 9 მაისის აღნიშვნას გეგმავს. რუსთავი 2-ის ცნობით, კრემლისტური დაჯგუფება ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მისვლასაც აპირებს. ჯგუფის ერთერთი ლიდერის, თორნიკე ყიფიანის, თქმით, ისინი აპირებენ, რომ თბილისის თავზე დრონების დახმარებით "გეორგიევსკის დროშა" გადააფრინონ. 

კომენტარები