ჯარიმები

კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 66 მოქალაქე დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში,მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

პოლიციამ, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 66 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 19 მოქალაქე დააჯარიმეს.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი შემთხვევა აღირიცხა. 

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 2 მოქალაქე დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

კომენტარები