თბილისის მერია

კალაძე: იპოდრომის მიმდებარე კორტების ნაკვეთი მერიას დაუბრუნდა, მოეწყობა სპორტული კომპლექსი

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იპოდრომის მიმდებარე ე.წ ჩოგბურთის კორტების ნაკვეთი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნდა.

კალაძის თქმით, მერიამ ინვესტორს ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად ადგილმონაცვლეობა შესთავაზა.

"მოსახლეობა შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ იქ უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები. ჩვენ დიდი ხნის შემდეგ და დიდი ძალისხმევის შედეგად, ეს ტერიტორია დავიბრუნეთ", - ამბობს დედაქალაქის მერი.

კალაძის თანახმად, ნაკვეთი მერიას საპრივატიზაციოდ გამოაქვს იმ პირობით, რომ იქ სპორტული კომპლექსი მოეწყობა:

"ეს იქნება პირობიანი პრივატიზაცია - ტერიტორიაზე უნდა აღდგეს ჩოგბურთის კორტები. ასევე, სავალდებულო იქნება საცურაო აუზისა და ფიტნესკლუბის მოწყობა", - თქვა თბილისის მერმა.

კომენტარები