კორონავირუსი საქართველოში

ვანში ფერმერმა ქალმა კიტრის 1 სათბური თანამშრომლებს აჩუქა, რომელთა ოჯახები უმუშევრად დარჩნენ

UN Women Georgia

ვანის რაიონის სოფელ მთისძირში, ფერმერმა ქეთი თომეიშვილმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა, რომელთა ოჯახებიც კორონავირუსის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ. 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ქალებისთვის ახლა შემოსავლის ერთადერთი წყარო ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაა.

"ხელფასებიც გავუზარდე, მაგრამ რომ მივხვდი, ეს საკმარისი არ იყო, სათბური მივეცი. მოსავალი 3 კვირაში მოვა და გაყიდვაშიც დავეხმარები. რამდენიმე თვით მოგების გარეშე ყოფნა მე არ გამაღატაკებს, ჩემს გოგოებს კი ძალიან გაუჭირდებოდათ", - ამბობს ქეთი თომეიშვილი. 

კიტრის სასათბურე მეურნეობაში 4 ადგილობრივი ქალი მუშაობს.

ქეთი თომეიშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის" ერთ-ერთი მონაწილეა. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

კომენტარები