Airbnb

Airbnb-მ თანამშრომლების 25%-ზე მეტი დაითხოვა

AIRbnb

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და საერთაშორისო ტურიზმის შეწყვეტის გამო Airbnb-იმ თანამშრომლების მეოთხედზე მეტი დაითხოვა.

თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ჩესკიმ დაწერა, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა, 1900 მათგანი გაეთავისუფლებინა და ექსპერიმენტულ პროექტებზე ხარჯები შეემცირებინა.

მისი თქმით, ზიანი, რაც კომპანიას კრიზისის შედეგად მიადგა, დროებითი ან მოკლევადიანი არ იქნება.

Airbnb-ის თანამშრომლების დათხოვნა ხარჯების შემცირების, დამატებითი ინვესტიციის მოზიდვისა და ვალების აღების მიუხედავად მოუწია.

"ახალ სამყაროში მოგზაურობა განსხვავებული იქნება და ჩვენ Airbnb შესაბამისად უნდა გარდავქმნათ. ადამიანებს მეტად ენდომებათ სახლთან ახლო, უსაფრთხო და უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტები", - წერს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

Airbnb-ის დათხოვნილი თანამშრომლები მომდევნო 14 კვირის ხელფასს მიიღებენ, რასაც დაემატება კომპენსაცია მათ მიერ კომპანიაში გატარებული დროის გათვალისწინებით.

კომენტარები