Freedom House-ის ანგარიში

ბაქრაძე: Freedom House-ის ანგარიში მკაფიო სიგნალია "ოცნებისთვის", რომ პრობლემები არ გამქრალა

ტაბულა

"პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დაქვემდებარებული სასამართლო, ძალადობრივი ჯგუფები, საარჩევნო რეფორმის ჩავარდნა", - ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, Freedom House-ის ანგარიშში ზუსტად არის აღნიშნული ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას დღეს ქართულ პოლიტიკაში, ხელისუფლების მოქმედების შედეგად.

მისივე თქმით, ანგარიში არის ძალიან მკაფიო სიგნალი ქართული ოცნებისთვის, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, არსად გამქრალა პრობლემები და ის ადამიანები, რომლებიც შეწუხებულები არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით. 

ბაქრაძე ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმების არშესრულებას ხელისუფლებისათვის ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.

"ეს არის მართლაც სრულფასოვანი და ობიექტური შეფასება. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, ამ შეფასებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ პოლიტიკური თემები არ არის დავიწყებული, პოლიტიკური დღის წესრიგი რჩება და არასწორ ნაბიჯებს ხელისუფლებისთვის ექნება ძალიან მძიმე ფასი", - ამბობს ბაქრაძე.

Freedom House-ის დემოკრატიის რეიტინგში საქართველო შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი და კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგშია.

2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს და რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიამ გაუმჯობესება აჩვენა 2012-2013 წლებში, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა, თუმცა, ბოლო წლებში უკუსვლა შეინიშნება. ოლიგარქის გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია-გარემოზე, კანონის უზენაესობა კი პოლიტიზაციით არის ძირგამოთხრილი. სამოქალაქო თავისუფლება არათანმიმდევრულად არის დაცული.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართული ოცნების აქტივისტებმა მრავალ საარჩევნო უბანთან შექმნეს დაშინების ატმოსფერო. ასევე, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა, ქართუმ 600 000 ადამიანს სესხების განულების დაპირება მისცა - ეს რიცხვი 6-დან 1 ამომრჩეველს ნიშნავს.

ანგარიშში ასევე საუბარია არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და პროპორციული სისტემის ჩავარდნაზე, 20 ივნისის აქციებზე და მედია გარემოზე. 

კომენტარები