კორონავირუსი საფრანგეთში

მაკრონი: საერთაშორისო მგზავრობა ლიმიტირებული იქნება, ზაფხულის არდადეგების დროსაც კი

ემანუელ მაკრონი
AFP

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ კორონავირუსის გამო, სავარაუდოდ, ზაფხულში ფრანგებს უცხოეთში მოგზაურობა შეზღუდული ექნებათ, მათ შორის ლიმიტირებული იქნება მგზავრობა ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

მისი თქმით, ამის მიზეზი ვირუსის ხელახლა გავრცელების რისკის შემცირებაა.

"ძალიან ადრეა იმის თქმა, შევძლებთ თუ არა დასვენებას. შემიძლია, ვთქვა, რომ მსხვილი საერთაშორისო მგზავრობა ლიმიტირებული იქნება, ზაფხულის არდადეგების დროსაც კი. ჩვენ ევროპაში დავრჩებით და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია, ამის შემცირებაც მოგვიწევს. ეს ივნისის დასაწყისში გვეცოდინება", - უთხრა მაკრონმა ჟურნალისტებს.

საფრანგეთში კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინი 11 მაისამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ მოსახლეობას საშუალება ექნება, საცხოვრებლიდან 100 კილომეტრის რადიუსში თავისუფლად იმოძრაოს. უფრო შორ მანძილზე გადაადგილებისათვის საჭირო იქნება მოგზაურობის მიზეზის განმარტება და სპეციალური უფლების მიღება.

საფრანგეთში გამოსცეს ფერადი რუკა, სადაც სხვადასხვა ფერით აღნიშნულია ზონები. წითელი ფერით აღნიშნულია ის ტერიტორია, სადაც ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული, მწვანე ფერით კი ადგილები, სადაც ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია. მოსახლეობას მოუწოდებენ, მოგზაურობისას ამ რუკით იხელმძღვანელონ. მაკრონმა მწვანე ზონებში მაცხოვრებლებს მოუწოდა, რომ სოციალური დისტანციის დაცვა მათთვისაც მნიშვნელოვანია: 

"მათთვის, ვისაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს, ან მოხუცია, მწვანე ზონებიც საშიშია", - თქვა მან.

300-მდე რეგიონის, მათ შორის პარიზის, მერმა მაკრონს წერილი მისწერა და მოუწოდა, გადადოს სკოლების გახსნა, რადგან მასშტაბური რეორგანიზაცია არის საჭირო. მაკრონმა ამის თაობაზე კომენტარი გააკეთა:

"შესანიშნავად მესმის მასწავლებლების ყოყმანის, თუმცა ყველაფერი ნელა, დიალოგის მეშვეობით მოხდება, რადგან არავინ იცის, რამდენ ხანს მოგვიწევს ვირუსთან ერთად ცხოვრება...ჩვენ მოგვიწია, მიგვეღო გადაწყვეტილება ამ უპრეცედენტო კარანტინის შესახებ და ახლა უნდა დავიწყოთ ახალი ფაზა, როდესაც ეპიდემიასთან ბრძოლას განვაგრძობთ, თუმცა შევინარჩუნებთ თავისუფალი ქვეყნის ცხოვრებას."

პრემიერმინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გაწერილი გეგმა კარანტინის ზომების ეტაპობრივად მოხსნის შესახებ ძალაში რჩება და აუცილებელია, რომ ეკონომიკური ცხოვრება დროულად აღდგეს.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში ახალი კორონავირუსი სულ 170,551 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 25,531, გამოჯანმრთელდა 52,736 ადამიანი.

კომენტარები