ლიტვა, ლატვია და ესტონეთი 15 მაისიდან შიდა საზღვრებს გახსნიან

ლიტვა, ლატვია და ესტონეთი შიდა საზღვრებს 15 მაისიდან გახსნიან. ამ დროიდან, სამივე ქვეყნის მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილება შეეძლებათ. ამის შესახებ ლატვიის პრემიერმინისტრმა, კრიშიანის კარინიშმა, განაცხადა. 

"დღეს ვიდეო კონფერენციის ფარგლებში შევთანხმდით, რომ 15 მაისიდან შიდა საზღვრები გაიხსნება და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება ექნებათ", — განაცხადა კარიშინმა.

ამასთანავე, ბალტიის სამივე ქვეყანაში საზღვარგარეთიდან ჩასულმა მოქალაქეებმა სავალდებულო ორკვიანი თვითიზოლაციის პერიოდი უნდა გაიარონ. შეთანხმებამდე ცოტა ხნით ადრე, ლიტვის ჯანდაცვის მინისტრმა, აურეილიუს ვერიგამ, განაცხადა, რომ თავისუფალი გადაადგილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ქვეყნები ეპიდემიასთან ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე შეთანხმდებიან. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ლატვიაში Covid-19-ის 900 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 17 პაციენტი. ლიტვაში გამოვლენილია 1,428 შემთხვევა, გარდაიცვალა 48 პაციენტი, ხოლო ესტონეთში საერთო შემთხვევების რაოდენობა 1713-ია, აქ 55 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები