სამთავრობო პროპაგანდა

ვოლსკი: საოცარია, რომ ყურადღება გადაიტანეს ყანდიაშვილზე, რასაკვირველია, ჩვენი გუნდის წევრია

ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი, Facebook-ის მიერ ქართული ოცნების PR კონსულტანტთან, კოკა ყანდიაშვილთან, დაკავშირებული ასობით გვერდის გაუქმებას ეხმაურება.

როგორც გია ვოლსკი განმარტავს, ყანდიაშვილი ქართული ოცნების გუნდის წევრია და მმართველი გუნდის მხარდამჭერი. თუმცა, ამავდროულად, მამუკა მდინარაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ყანდიაშვილთან ქართული ოცნების კავშირი უარყო და უბრალო მხარდამჭერად მოიხსენია.

ასევე, თავად კოკა ყანდიაშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც იგი განმარტავს, რომ ის ქართული ოცნების თანამშრომელი არაა და 2014 წლიდან საჯარო სამსახურში აღარ მუშაობს

"საოცარია, რომ ყურადღება გადაიტანეს კოკა ყანდიაშვილზე, რასაკვირველია, იგი ჩვენი გუნდის წევრია და მხარდამჭერია. არაოფიციალური ურთიერთობა არ გამოიხატება იმაში, რომ კოკა ყანდიაშვილის გვერდზე გაწევას ცდილობს ვინმე. ქართული ოცნების მხარდამჭერია, რესურსიც გააჩნია, თუკი Facebook-მა რაიმე გადახრა აღმოაჩინა მის აქტივობაში, შესაბამისი ზომებიც მიიღო, ეგ კიდევ გასაანალიზებელია რეალობაში", - ამბობს გია ვოლსკი.

Facebook-მა ყანდიაშვილთან დაკავშირებული ანგარიშების გარდა, კიდევ ერთი ქართული ქსელიც გააუქმა, რომელიც მათივე განცხადებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთანაა დაკავშირებული. ამას პარლამენტის ვიცესპიკერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ დეტალიდან ცდილობენ ყურადღების გადატანას ყანდიაშვილზე.

"მთავარი ხომ ისაა, რომ კონკრეტული პარტია, ნაციონალური მოძრაობა დაასახელა ორგანიზატორად მთელი რიგი დანაშაულებებისა, რომელიც დაუშვებელია ფეისბუქ სივრცეში და აქედან ცდილობენ გადაიტანონ ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე, რომელმაც კიდევ არ ვიცით, დაარღვია თუ არ დაარღვია, მაგრამ ვიცით ის, რომ ქართულ ოცნებას მხარს უჭერს.

Facebook თავად იძლევა უამრავ შესაძლებლობას შექმნა პლატფორმები, მოიზიდო ხალხი, შექმნა ჯგუფები, თუმცა, რასაკვირველია, შეიძლება, დაარღვიო კიდეც და გადასცდე იმ რეგულაციებს, რაც ფეისბუქს აქვს დაწესებული. ტრაგედია ის არის, რომ პოლიტიკური პარტია, ვინც თავს მიიჩნევს კანდიდატად, რომ ქვეყანა მართოს და რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანას მართავდა, ჩაეშვა ამ ფეისბუქის თუ სხვა მორალური, ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევაში, ესაა საკითხი", - ამბობს გია ვოლსკი.

5 მაისს Facebook-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ერთი მხრივ, ქართული ოცნების PR კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული ანგარიშების გაუქმებაზე წერდა, ხოლო მეორე მხრივ - ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ ქსელზე.

Facebook-ის განცხადებაში ყანდიაშვილთან დაკავშირებულ ქსელთან დაკავშირებით წერია, რომ ეს ანგარიშები დაკავშირებულები იყვნენ კიდევ ერთ ქართულ ქსელთან, რომელიც Facebook-მა 2019 წლის დეკემბერში გააუქმა და სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ანგარიშები ქართული ოცნების ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულები.

კომენტარები