მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

DW: სააკაშვილმა დაგვიდასტურა, რომ რეფორმების ეროვნულ საბჭოში ინიშნება

UNIAN

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, DW-ის რუსულ ბიუროსთან საუბარში დაადასტურა, რომ მას უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად ნიშნავენ. 

ამ დრომდე სხვადასხვა უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს მდივნად ინიშნება. 

როგოგრც DW წერს, სააკაშვილს არ დაუსახელებია კონკრეტული ვადა, თუ როდის დაიკავებს ამ თანამდებობას, უკრაინული მედიის ცნობით კი, ეს უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს. 

რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წელს უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, ინიციატივით შეიქმნა. ეს უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ოფიციალური საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოა რეფორმების საკითხებში სტრატეგიული დაგეგმარების შესახებ. საბჭოს წევრები პრეზიდენტის მიერ ინიშნება. 

22 აპრილს სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რეფორმების საკითხებში ვიცეპრემიერის თანამდებობაზე შეთავაზე მიიღო. სააკაშვილი წერდა, რომ შეთავაზებაზე დათანხმებას აპირებდა. 

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ უმაღლესი რადადან სააკაშვილის კანდიდატურა უკან გაიწვია, რადგან მან რადას დეპუტატებში საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერის მობილიზება ვერ მოახერხა. 

ტაბულა ამის შესახებ უკრაინელ დეპუტატებსაც ესაუბრა, რომლებმაც მაშინ გვითხრეს, რომ სააკაშვილს მართლაც არ ჰქონდა იმ ეტაპისთვის დეპუტატთა ხმების საკმარისი რაოდენობა, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი კანდიდატურა უკან გაიწვიეს, მათი თქმით, სიმართლე არ იყო, რადგან მისი კანდიდატურა არც დაუყენებიათ. 

პარალელურად მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილი, შესაძლოა, ზელენსკის მრჩეველი გამხდარიყო. 

კომენტარები