TDI-ის ანგარიში

რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა - TDI-ის ანგარიში

ნეტგაზეთი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) 2010-2019 წლებში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის პრობლემატიკა და ტენდენციები შეისწავლა.

ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, სახელმწიფოს და რელიგიების ურთიერთობა არის განხილული.

TDI წერს:

  • სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.
  • დომინანტი რელიგიური ჯგუფის გავლენა სახელმწიფოს საკანონმდებლო საქმიანობაზე გამოჩნდა 2013 წლის დეკემბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობისას; 2014 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის განხილვისა და მიღების პროცესში; 2018 წელს „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას. 2019 წელს კი, საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტმა 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით გამოაცხადა
  • საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებული მდგომარეობა ვლინდება ეკლესიის დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკაშიც. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო უხეშად ერევა ზოგიერთი სხვა რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში.
  • 2014 წელს შეიქმნა სამთავრობო სტრუქტურა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. მისი შექმნის, მანდატისა და დებულების შემუშავების პროცესში არ იყვნენ ჩართულნი ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებები. სააგენტოს პოლიტიკა და რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ მისი ხედვა აისახა 2015 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში "საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია". მისმა შინაარსმა და დასახულმა მიზნებმა აჩვენა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი არა რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების უფლებების დაცვა, არამედ მათზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაა. სააგენტომ ყურადღება არა „უფლებებზე“, არამედ „უსაფრთხოებაზე“ გაამახვილა.
  • მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში არაერთ მნიშვნელოვან სფეროზე პასუხისმგებელ ორგანოდ სწორედ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იყო დასახელებული, თუმცა სააგენტომ უმთავრესი ვალდებულებები არ შეასრულა. სააგენტოს არ გამოუხატავს თავისი პოზიცია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა.
  • მნიშვნელოვანია, როგორ თანამშრომლობს სააგენტო რელიგიურ გაერთიანებებთან. ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) მესამე მონიტორინგის (2019) ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიური გაერთიანებები უნდობლობას გამოხატავენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ და ნდობას უცხადებენ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს.
  • რელიგიური გაერთიანებებისთვის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს საჯარო სივრცის მონოპოლიზება დომინანტი რელიგიური გაერთიანების მიერ. დამკვიდრებული პრაქტიკით, რელიგიურ უმცირესობებს აქვთ არსებობის უფლება, თუმცა საჯარო სივრცეში მათი ხილვადობა შეზღუდულია.
  • ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა აგრესიული და ძალადობრივი ჯგუფის წევრები საჯარო სივრცეში ხშირად ჩნდებიან და თავს ესხმიან განსხვავებული ეროვნებისა თუ იდენტობის მქონე ადამიანებს. მათ რიგებში არიან მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც, ან საქართველოს საპატრიარქოსთან ასოცირებული ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები. სახელმწიფოს მსგავს ქმედებებზე არ აქვს შესაბამისი მკაცრი და დროული რეაგირება.
  • რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქე მუსლიმები, ხშირად აწყდებიან სხვადასხვა პრობლემას სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მათ შორის, რელიგიური ლიტერატურის შემოტანისას. ასევე, სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებისას მათ სახელმწიფო საზღვარზე არაგონივრული ვადით აყოვნებენ. ზოგ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი ეჭვის საფუძველზე ათვალიერებენ მათ ბარგს. 2017 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა მუსლიმების მიმართ საზღვრის კვეთისას, საბაჟო–გამშვებ პუნქტებზე პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა.
  • საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების არსებული სისტემა რელიგიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური ურთიერთგამიჯვნის პრინციპის დარღვევად შეიძლება შეფასდეს. 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოს საპატრიარქომ ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო. საქართველოს თვითმმართველი თემები და ქალაქები ასევე გადასცემენ საქართველოს საპატრიარქოს მატერიალურ სიკეთეს (ყოველწლიურად, დაახლოებით ოთხიდან ხუთ მილიონამდე ლარს).
  • საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. TDI-სა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს.
  • სახელმწიფოს პოლიტიკა დისკრიმინაციულია რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების საკითხშიც. 2014 წლიდან მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ოთხ რელიგიურ გაერთიანებას (მუსლიმ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემებს) საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის სიმბოლური ანაზღაურების მიზნით ყოველწლიურად გამოეყოფა დაფინანსება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ რელიგიური გაერთიანებები სამი კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია: მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო-რელიგიური შენობა-ნაგებობების რაოდენობა. ამ სიაში ვერ მოხვდნენ სხვა რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც ასევე მიადგათ ზიანი საბჭოთა რეპრესიების დროს.

კომენტარები