კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებული ცხინვალი რუსეთთან საზღვარს კეტავს

cominf

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის საინფორმაციო სააგენტოს, "რესის" ცნობით, საოკუპაცი რეჟიმი 10 მაისიდან 17 მაისამდე რუსეთთან საზღვარს კეტავს. სააგენტოს ინფორმაციით, აკრძალვა ეხება ყველას, გამონაკლისის გარეშე. 

ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, „რესპუბლიკას“ ესაჭიროება დრო, რათა კარანტინში მოათავსოს, გამოიკვლიოს და აღმოუჩინოს სათანადო დახმარება მოქალაქეებს, მათ შორის სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების კურსანტების დიდ ჯგუფს, რომლებიც რუსეთში სწავლობენ.

”ერთად ჩვენ გადავლახავთ და გადავჭრით ყველა პრობლემას, მთავარია ვიყოთ ერთად, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ, ნუ ჩავვარდებით პანიკაში, არამედ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ჩვენს ნათესავებს", - თქვა ბიბილოვმა. 

როგორც სააგენტო „რესს“ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ უთხრა, ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია, ისინი იზოლირებულნი არიან და ექვემდებარებიან სამედიცინო ზედამხედველობას.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ გუშინ, 6 მაისს განაცხადა. Covid-19-ით ინფიცირებული 3 პირიდან 2 ახალგორელი დედა-შვილია. ბავშვი 6 წლისაა. ვირუსი დაუდასტურდა ასევე 14 წლის მოზარდს.

კომენტარები