კორონავირუსი საქართველოში

პლაზმაფერეზით მკურნალობასთან დაკავშირებულ კვლევაში რესპუბლიკური საავადმყოფოც ჩაერთვება

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, თეა თავართქილაძის ინფორმაციით, მათ კლინიკაში მოთავსებული covid 19-ით ინფიცირებული 45 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა საყურადღებოა. 

„ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებულია 64 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 45. გაგზავნილია 14 პაციენტის ანალიზი ტესტირებაზე. კოვიდ ინფიცირებულებიდან ყველა იმყოფება სპონტანტურ სუნთქვაზე, ორი პაციენტის მდგომარება საყურადღებოა. გუშინ დაგვემატა სამი ახალი პაციენტი. სამივეს მდგომარეობა სტაბილურია“, - თქვა თავართქილაძემ.

თეა თავართქილაძემ პლაზმაფერეზით მკურნალობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლევაში რესპუბლიკური საავადმყოფოც ჩაერთვება. 

მისი თქმით, ეს მეთოდი სხვადასხვა სფეროში ფართოდ გამოიყენება.

„პლაზმაფერეზი ნაცადი მეთოდია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში. ვნახოთ რა შედეგებს დადებს კორონავირუსთან მიმართებაში. კვლევაში ჩაერთვება ჩვენი კლინიკა, ეს ჯერჯერობით განხილვის საგანია“, - ამბობს თავარქილაძე.

გუშინ, 7 მაისს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს 13 აპრილს, პლაზმაფერეზის პირველი პროცედურა ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა როგორც კლინიკურად, ისე ლაბორატორიული მონაცემების მხრივ ოდნავ გაუმჯობესდა. 18 აპრილს პაციენტს მეორე პროცედურა ჩაუტარდა, რის შემდეგაც, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ავადმყოფის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

"აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ პლაზმაფერეზი შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 275 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით 9 პაციენტი გარდაიცვალა. 

კომენტარები