ტურიზმის ამოქმედების გეგმა

ბაქრაძე: არის სწორი ელემენტებიც, მაგრამ მთლიანობაში გეგმა არის ფრაგმენტული და დაგვიანებული

ტაბულა

"დღეს წარმოდგენილ გეგმაში არის სწორი ელემენტებიც, მაგრამ მთლიანობაში გეგმა არის ფრაგმენტული და ხშირად დაგვიანებული ნაბიჯებისგან შემდგარი", - ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე, მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმას ეხმაურება. 

ბაქრაძე ამბობს, რომ ეკონომიკის სექტორებად დაყოფა არასწორია, რადგან კრიზისი მთლიანად ეკონომიკას ურტყამს და მის ყველა სექტორს, ამიტომ მისივე თქმით, უნდა იყოს საერთო ნაბიჯები, რაც კეთდება ყველასთვის და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი დამატებით შეღავათებზე. 

"საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება უნდა იყოს საერთო და უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ ტურიზმს, არამედ ყველა ბიზნესს სუბიექტს. ქონების გადასახადის გაუქმება წელს, არის სწორი ნაბიჯი, რასაც ითხოვს და ეთანხმება ევროპული საქართველო,  მაგრამ ეს უნდა ეხებოდეს მთლიანად ბიზნესს, მის ყველა სექტორს და არა მხოლოდ ტურისტულ სექტორს. 

საშემოსავლო გადასახადის გადავადება წლის ბოლომდე არის სწორი მიმართულებით, მაგრამ სანახევრო და არასაკმარისი ნაბიჯი, ვინაიდან ისე როგორც ქონების გადასახადი, საშემოსავლოც უნდა განულდეს და შემდეგ უნდა შემცირდეს ყველა ბიზნესისთვის", - ამბობს ბაქრაძე.

ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ აუცილებელია სხვა გადასახადების მაგალითად, დღგ-ს და აქციზის შემცირება.

"ხელისუფლება კვლავაც პრინციპულად არ იყენებს იმ ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს, რომელიც არის საპენსიო ფონდის სახით ქვეყანაში", - ამბობს ბაქრაძე.

რაც შეეხება გახსნის ღონისძიებებს, ბაქრაძე ამბობს, რომ აქაც ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველი ნაბიჯებია.

"რა თქმა უნდა, გახსნით ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გაიხსნას, მაგრამ ამ ფონზე ვხედავთ, რომ კომენდანტის საათი მაგალითად, რჩება, მაშინ, როდესაც ვერავინ გვაგებინებს რა საჭიროა და როგორ ებრძვის პანდემიას. მეტი განმარტებაა საჭირო და სრულიად გაუგებარია, რატომ არ შეიძლება, მაგალითად გაიხსნას მაღაზია, სადაც იყიდება ტანსაცმელი აქაც ვხედავთ ფრაგმენტულ მიდგომას და არა ერთიან სტრატეგიას," - ამბობს ბაქრაძე.

მთავრობამ დღეს ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ტურისტული სექტორი წელს ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება, ხოლო საშემოსავლო გადასახადები წლის ბოლომდე გადავადდება, ასევე 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე სასტუმროებს, საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს დაუფარავენ.

11 მაისიდან თბილისი გაიხსნება, 14 მაისიდან - რუსთავი და გარდაბანი, 18-დან კი მარნეული.

ასევე 11 მაისიდან გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიების, რომლებსაც შესასვლელი აქვთ ქუჩიდან, ტანსაცმლის მაღაზიების გარდა. 

გახარიას თქმითვე, 15 ივნისიდან გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმი, 1 ივლისიდან მივიღებთ უცხოელ ტურისტებს.

კომენტარები