ტურიზმი

თურნავა ფრენების აღდგენაზე: ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს

კითხვაზე, როდიდან აღდგება ფრენები, ეკონომიკის მინისტრი პასუხობს, რომ "კონკრეტიკას მოგახსენებთ უახლოეს პერიოდში". ნათია თურნავას თქმით, "ყველაზე მარტივია, აღდგეს ფრენები იმ ტრადიციული მიმართულებით, რაც გვქონდა".

ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ავიახაზები სულ მცირე, ორი მიმართულებით განაახლებს რეგულარულ ფრენებს.

"Wizzair-ისგან ველოდებით შორტ ლისტს იმ მიმართულებების, საიდანაც მათ მიაჩნიათ, რომ ყველაზე სწრაფად შეიძლება ტურისტის შემოყვანა საქართველოში. ამ მიმართულებებით დავიწყებთ კონკრეტულ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს. პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, ასევე, აქტიურები ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან" - ამბობს თურნავა და აღნიშნავს, რომ ყველაზე რეალისტურია, პირველი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ.

"რადგან მათ აქვთ სახმელეთო გზაც. თუმცა, არ დავკარგავთ არც ერთ შანსს, უახლოეს მომავალში შემოვიყვანოთ ევროპელი ტურისტები. ჩვენ რომც ვერ შევძლოთ იქ გასვლა, პირველ ეტაპზე, ჩვენთან შემომავალი ევროპელი ტურისტი გვინდა, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ და ამისთვის კონკრეტულ გეგმას განვახორციელებთ" - თქვა თურნავამ.

საქართველო ადგილობრივ ტურიზმს 15 ივნისიდან ხსნის, ხოლო საერთაშორისოს - 1 ივლისიდან.

კომენტარები