ტურიზმი

თურნავა: საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი იმიჯი - უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა

0 კომენტარი
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას თქვა, რომ საქართველომ ახალი ტურისტული იმიჯი უნდა შეიძინოს.

მისი განცხადებით, თუ აქამდე საქართველოს იცნობდნენ, როგორც "უძველესი ტრადიციების მქონე, სტუმართმოყვარე, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილ ქვეყანას, რომელსაც აქვს უნიკალური ბუნება თუ ისტორია", ახალი რეალობის გათვალისწინებით, საქართველო ცნობილი გახდება, როგორც "უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა".

თურნავას თანახმად, ამის თქმის საფუძველს იძლევა "ის ახალი, კონკურენტული უპირატესობები, რომელიც ჩვენ, როგორც ქვეყანამ, შევიძინეთ პანდემიასთან ბრძოლაში":

"ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ჩვენი წარმატება და ასევე სრულიად უნიკალური გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც შეიძინა ტურიზმის ინდუსტრიამ და მასში დასაქმებულმა ადამიანებმა საკარანტინე ზონების მომსახურების, შესაბამისი სერვისების გაწევის ფარგლებში", - ამბობს მინისტრი.

მისი თქმით, უნიკალური გამოცდილება შეიძინეს აგრეთვე აეროპორტებში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, მუნიციპალურ სერვისებში მომუშავე ადამიანებმა, რაც ახლა ახალ იმიჯსა და კონკურენტულ უპირატესობაში უნდა "გადაითარგმნოს".

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები