რუსეთი

მოსკოვში პოლიკლინიკის მთავარი ექიმი ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა

მოსკოვის N180 პოლიკლინიკის მთავარი ექიმი იულია სერგეევა ახალი კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

"გართულება, რომელიც გამოიწვია კორონავირუსულმა ინფექციამ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა", - აცხადებენ დეპარტამენტში. 

დეპარტამენტის ცნობითვე, სერგეევა ფილტვების ხელოვნურ ვეტილაციაზე 43 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 

Meduza-ს ცნობით, რუსი ექიმები ადგენენ სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლების სიას, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიისას გარდაიცვალნენ. მათი რაოდენობა ამ დროისთვის 113-ია. 

რუსეთის ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 177 160 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 625 ადამიანი გარდაიცვალა. 

ბოლო 24 საათში რუსეთში ახალი კორონავირუსი 11 231 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში დადასტურებულ შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედეგად, რუსეთმა ინფიცირებულების რაოდენობით გერმანიასა და საფრანგეთს გადაუსწრო. 

6 მაისს ახალი კორონავირუსი რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლღა ლიუბიმოვას, დაუდასტურდა. ინფიცირებულია რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხაილ მიშუსტინიც. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის მშენებლობის მინისტრს, ვლადიმერ იაკუშევს.

კომენტარები