უკრაინა - რუსეთი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: რუსეთის აგენტი დავაკავეთ

6 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის აგენტი დააკავა. SBU-ს განცხადებით, ის რუსეთისთვის "თანამედროვე სარაკეტო სისტემებზე" ინფორმაციის შეგროვებას ცდილობდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონის, ლუგანსკის მკვიდრი მაშინ დააკავეს, როდესაც ის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისთვის (FSB) უკრაინულ სისტემაზე "საიდუმლო ტექნიკური დოკუმენტაციის" გაგზავნას ცდილობდა. 

დაკავებულმა, რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი, უკრაინის სამხედრო პერსონალს სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ ფული შესთავაზა, მათ კი, ეს SBU-ს შეატყობინეს.

SBU-ს განცხადებაში წერია, რომ საიდუმლო ინფორმაციის რუსეთისთვის გაზიარება უკრაინის თავდაცვისუნარიანობას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მათი ერთერთი გენერალი FSB-სთვის შპიონაჟისთვის დააკავა.

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები 2014 წლიდან განსაკუთრებით დაძაბულია. კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეშვიდე წელია, მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, რუსებმა 240 ბავშვი მოკლეს, ხოლო 56 - ამ დრომდე დაკარგულად ცხადდება. კონფლიქტში დაახლოებით 30 000 ადამიანი დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება ოკუპირებული დონბასის სეპარატისტებს.

კომენტარები