საპატრიარქოს დაფინანსება

თურნავა საპატრიარქოს დაფინანსებაზე: არ მგონია, კითხვის დასმის საფუძველი არსებობდეს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

"არ მგონია, კითხვის დასმის საფუძველი არსებობდეს", - ასე პასუხობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კითხვას, ხომ არ არის სახელმწიფო გულუხვი საპატრიარქოს დაფინანსებასთან მიმართებით და არის თუ არა საქმის კურსში, რაში იხარჯება გაცემული თანხები. თურნავას თქმით, ყველა ტრანზაქცია და დახმარება გამჭვირვალეა. 

"ჩვენი საპატრიარქო, ჩვენი ეკლესია არის ერთერთი ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი ინსტიტუცია. ჩვენ კანონის ფარგლებში ვახორციელებთ ყველა ტრანზაქციას და დახმარებას და ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ასევე, სხვა კონფესიებსაც ვეხმარებით",- ამბობს მინისტრი. 

"ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საპატრიარქომ ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო. ასევე, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს. TDI-ის შეფასებით, ყოველივე ეს რელიგიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური ურთიერთგამიჯვნის პრინციპის დარღვევაა.

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოს დაფინანსება, წელიწადში 25 მილიონი ლარი ძალიან ცოტაა. მღვდელმთავარმა ტვ პირველთან თქვა, რომ წელიწადში 500 000 ლარი, რომელიც ეპარქიის სასწავლო ცენტრისთვის საპატრიარქოს ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, საკმარისი არ არის და რომ "ვალებში იხრჩობა".

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიხედვით, სწორედ სასწავლო ცენტრის სახელზე ფაჩუაშვილმა ნინოწმინდის სოფელ ასფარაში 2013–18 წლებში 18 სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი შეიძინა, აქედან ოთხი საკარმიდამოა. 2020 წელს კი მან სოფელ ასფარაში მიწის კიდევ 2 ნაკვეთი დაარეგისტრირა.

როგორც "სამხრეთის კარიბჭეს" თავად უთხრა, სურს, სოფელ ასფარაში „ოაზისი“ გააკეთოს.

დღეს, 7 მაისს, ტვ პირველთან საუბრისას ფაჩუაშვილმა თქვა:

"ბოლო პერიოდში, ამ ადამიანების საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ ეს ადამიანები დასახლდნენ, სხვა სოფლებიდან გამოვიდნენ, ახლა დაიცალა სოფელი, საერთოდ არავინ ცხოვრობს, ამათ დარჩათ ეს სახლები და მინდა, ეს სახლები შევიძინო და მოვაწყო უძველესი ქართული ტაძარი... მდიდარი ხალხი ვართ, ნახევარი სოფელი ჩვენია, მაგრამ ეს ნახევარი სოფელი არის 6 თუ 7 სახლი".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები